უკან გაწვევა, ფორდი, ფორდ ეფ-150, ფორდ რეინჯერი, ფორდ ექსფედიშენი
Aa
Aa

„ფორდი“ 68 000 ერთეულ 2020 წლის F-150-ს, Ranger-ს და Expedition-ს უკან გაიწვევს

გადაცემათა კოლოფის ტექნიკური ხარვეზის გამო, გადაცემა Park-ის ნაცვლად Drive-ში ვარდება.

  • „ფორდი“ თითქმის 68 000 ავტომობილს უკან იწვევს. ეს 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე 2020 წლის თებერვალსა და მარტში აწყობილ F-150-ს, Ranger-სა და Expedition-ს შეეხო.
  • არასწორად განთავსებული ნაწილის გამო, გადაცემათა სახელურის Park-ში გადაყვანისას, ტრანსმისია კვლავ Drive-ში რჩება.
  • აღნიშნული მოდელების მფლობელები „ფორდის“ ოფიციალურ სერვის ცენტრს უნდა მიმართონ, სადაც ტრანსმისიას დეტალურად შეისწავლიან და საჭიროების შემთხვევაში შეცვლიან.

„ფორდმა“ 2020 წლის თებერვალსა და მარტში აწყობილი F-150-ის, Ranger-ისა და Expedition-ის თითქმის 68 000 მოდელის უკან გაწვევა გამოაცხადა. პრობლემა 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ეხება. სიჩქარეების როტორული სელექტორის მქონე ვერსიებს, სიჩქარეებში გადართვის მექანიზმის განსხვავებული სტრუქტურის გამო, აღნიშნული პრობლემა არ ახასიათებს.

უკან გაწვევის მთავარი მიზეზი არასწორად დამონტაჟებული სამაგრია, რომელიც გადაცემათა სახელურის ტროსისა და ტრანსმისიის დაკავშირებასა და სინქრონულ მუშაობაზე პასუხისმგებელია. ამ ხარვეზის შედეგად გადაცემათა სახელურის პოზიცია ტრანსმისიის აქტიური სიჩქარისგან განსხვავდება. შესაბამისად ავტომობილის პარკირების რეჟიმში გადაყვანა შეუძლებელია, რადგან ტრანსმისია Drive-ის რეჟიმში რჩება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ჩამქრალი ძრავის შემთხვევაში, გაჩერებულმა ავტომობილმა თავისუფლად გორვა დაიწყოს, თუ, რა თქმა უნდა, პარკირების მუხრუჭი გამოყენებული არ არის.

 
სიჩქარეების როტორული სელექტორი

„ფორდი“ აცხადებს, რომ ამ ხარვეზთან დაკავშირებული არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება აღნიშნული მოდელების მფლობელებს, მათ „ფორდის“ ოფიციალურ სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ, სადაც გადაცემათა სახელურის ტროსის სამაგრს დაათვალიერებენ და საჭიროების შემთხვევაში უფასოდ შეაკეთებენ.

მსგავსი სიახლეები