Range Rover-ის ქურდმა ლონდონის გადატვირთულ ქუჩებში გზა ძალისმიერად გაიკვლია
რაზე ფიქრობდა მძღოლი?
Range Rover-ები მდგრადობითა და სიძლიერით გამოირჩევა, მაგრამ ამ მახასიათებლებს, როგორც წესი, მძღოლები სხვა მანქანების წინააღმდეგ არ იყენებენ. ეს მდიდრული კლასის SUV-ებია და მათ სათანადო მოვლა სჭირდებათ. ალბათ, ამ სტატიაში ისეთ სიტყვები, როგორიც „მოვლა“ და „ზრუნვაა“ ყველაზე ირონიული მოგეჩვენებათ.
ზემოთ მიბმული ვიდეო ინტერნეტსივრცეში უკვე რამდენიმე დღეა ტრიალებს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ვიდეოში ნაჩვენები Range Rover Sport-ი მოპარულია. კადრებმა ბევრი ადამიანი გააღიზიანა. ამის მიზეზი თავზეხელაღებული მძღოლის საქციელი გახლავთ, რომელმაც ლონდონის გადატვირთულ ქუჩებში გზა ძალისმიერად გაიკვლია.
როგორც ხედავთ, მანქანა იქამდე არ წყვეტს გადაცემათა კოლოფის D-დან R-ში მონაცვლეობას, სანამ ვერცხლისფერი BMW ბოლომდე არ დალეწა და გზიდან არ გადააგდო. ამ პროცესში კი ირგვლივ დაპარკინგებული მანქანებიც დაზიანდა. იქ შეკრებილი ხალხი კი ვერაფერს გახდა.
საბოლოოდ, ავტომობილები მნიშვნელოვნად დაზიანდა. Range Rover-ის მძღოლის მოტივი კი გაურკვეველია. იმედია, რომ ბრიტანული პოლიცია დროულ რეაგირებას აჩვენებს და დამნაშავეს გონივრულ ვადებში დაიჭერს.