Ford-ი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება
კომპანია, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, სასუნთქ აპარატებს და ნიღბებს ამზადებს.
დეტროიტის ავტომწარმოებლებმა დროებით ქარხნები დახურეს, თუმცა წარმოება სრულიად არ შეწყვეტილა. Fiat Chrysler Automobiles-ი თვეში მილიონზე მეტ ნიღაბს ამზადებს, რომლებიც საავადმყოფოებს გადაეცემა. General Motors-მა საკუთარ თავზე სასუნთქი აპარატების წარმოება აიღო. მათ სამედიცინო აღჭურვილობის მომმარაგებელი Ventec-ი ეხმარება. სასუნთქი აპარატების წარმოებაში „ფორდიც“ აქტიურადაა ჩართული.

„ჩვენი მედპრესონალის დაცვის საჭიროება გაზრდილია. „ფორდის“ დახმარება ამგვარი კრიზისის პირობებში ძალიან დროული იყო. ჩვენი ექიმები ფრონტის ხაზზე 24 საათის განმავლობაში არიან და მათ დასაცავად აღჭურვილობა გვჭირდება“. - განაცხადა მიჩიგანის საავადმყოფოების პრეზიდენტმა დევიდ კლეისმა.
კომპანიის გადაცემათა კოლოფების ასაწყობ ქარხანაში ახლა ნიღბები შეიკერება. ISO Class 8 დონის ოთახში 30 ანაზღაურებადი მოხალისე სამედიცინო ნიღბებს შეკერავს. მათ მოგვიანებით 80 ადამიანი შეუერთდება. სხვა ქარხანაში ჰაერის გამწმენდი რესპირატორი უკვე იწყობა. სულ 100 000 ასეთი რესპირატორის წარმოება იგეგმება.

„ვიცოდით, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილი უნდა შეგვეტანა. ჩვენ უნდა შევერთებოდით ისეთ ექსპერტებს, როგორიცაა, მაგალითად, 3M და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება გაგვეფართოებინა. „პროექტი აპოლოს“ სახელით, ჩვენ მთელი რესურსი და მარაგი სასუნთქი აპარატების წარმოებაში ჩავდეთ“. - ამბობს „ფორდის“ პროდუქტების ხაზის მენეჯმენტის ვიცე პრეზიდენტი ჯიმ ბაუმბიკი.
ამჟამად, ამერიკაში კორონავირუსის 526,581 აქტიური შემთხვევაა და გარდაცვლილთა მაჩვენებელმა 23,644-ს მიაღწია.
