Aa Aa
15 აგვისტო 2022  |  11:34

ჯეიმს მეი Evo-ს მართვისას კედელს 120 კმ/სთ-ით შეასკდა

ბრიტანელი ავტოჟურნალისტი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

The Grand Tour-მა მეხუთე სეზონის გადაღებები წლის დასაწყისში დაიწყო. გულშემატკივრები ახალ ეპიზოდს მოუთმენლად ელიან. მათ შორის ვართ ჩვენც, CrystalAuto-ს გუნდიც. ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯერემი კლარკსონის, ჯეიმს მეის და რიჩარდ ჰამონდის „შოუში“ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ი წერს, რომ ახალი ეპიზოდის გადაღებისას ჯეიმს მეის მძიმე ავარია შეემთხვა. მოხსენების მიხედვით, გადაღებები ტრომსოში, ნორვეგიაში მიმდინარეობდა. ჯეიმს მეის სახიფათო ილეთი უნდა შეესრულებინა, რაც გვირაბში დრაგის სტილის რბოლას გულისხმობდა.

მთელი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ გვირაბში სინათლე მანქანის მოძრაობას მიჰყვებოდა. ასე მძღოლებს რეაქციისთვის ცოტა დრო რჩებოდათ. სამწუხაროდ, ჯეიმს მეიმ Mitsubishi Lancer Evolution VIII-ს მუხრუჭები გვიან გამოიყენა და კედელს 120 კმ/სთ-ით შეასკდა.



ავარიის შედეგად მეის ნეკნები ჩაემტვრა. თანაწამყვანების წყაროთი ვიგებთ იმასაც, რომ ჯეიმსმა თავიც ძლიერად დაარტყა.

თუმცა, ამ ისტორიის ჩაღრმავების შემდეგ გავიგეთ, რომ ინციდენტი საკმაოდ დიდი ხნის წინ, შესაძლოა მარტშიც მოხდა. Grand Tour Nation-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში გულშემატკივრებმა დაადასტურეს, რომ ისინი კლარკსონს და ჰამონდს ნორვეგიაში ხუთი თვის წინ შეხვდნენ. მათი თქმით, მეი ადგილზე არ იყო, რადგან ის მძიმე ავარიის შემდეგ საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი.

59 წლის წამყვანი ახლა გამოჯანმრთელდა და გადაღებებს დაუბრუნდა. ახალი ეპიზოდის გამოსვლასთან დაკავშირებით კი ჯერ დეტალები არ არის ცნობილი. თუმცა, აშკარაა, რომ წინ საოცარი სანახაობა გველის.

გაზიარება: