Aa Aa
17 იანვარი 2023  |  14:52

The Grand Tour-ი დასრულდა: Amazon-ი ჯერემი კლარკსონთან თანამშრომლობას წყვეტს

Amazon Prime Video Top Gear-ის ყოფილ წამყვანთან აღარ ითანამშრომლებს.

Amazon Prime Video გადაცემა The Grand Tour-ს დაემშვიდობება. ეს გადაცემა Top Gear-ის ყოფილ წამყვანებს, ჯერემი კლარკსონს, ჯეიმს მეის და რიჩარდ ჰამონდს მიჰყავთ. ჯერემი კლაკსონმა მეგან მარკლზე დეკემბერში სკანდალური განცხადებები გააკეთა, რის გამოც მას საზოგადოებამ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

მას შემდეგ, რაც ეთერში The Grand Tour-ის და Clarkson's Farm-ის უკვე ჩაწერილი ეპიზოდები ეთერში გავა, Amazon-ი კლარკსონთან თანამშრომლობას შეწყვეტს. Grand Tour-ი 4 გადაცემის შემდეგ, 2024 წელს დასრულდება. იმავე წელს დასრულდება „კლარკსონის ფერმაც“.

2023 წლის 16 იანვარს კონფერენცია უნდა გამართულიყო, რომელზეც „კლარკსონის ფერმის“ მეორე სეზონს წარადგენდნენ. თუმცა, შეკრება გაუქმდა. მიზეზი არ დაუსახელებიათ.

„მე ის მძულს. არა ისე, როგორც ნიკოლა სტარჯენი ან როუზ ვესტი. უჯრედების დონეზე მძულს.

კბილებს ვაკრაჭუნებ და ღამე იმაზე ფიქრით ვერ ვიძინებ, რომ ერთ დღეს მას ბრიტანეთის ყველა ქუჩაზე შიშველს ჩამოატარებენ, ხალხი იყვირებს „სირცხვილი!“ და ტალახს ესვრიან“, - თქვა კლარკსონმა მეგანზე. როგორც ჩანს, ტელეწამყვანს Game of Thrones ძალიან უყვარს. 

„ეს იყო საშინელი, მტკივნეული და ნამდვილი ბოროტება ჩემი მეუღლის მიმართ. ეს ბრიტანეთსა და მთელს მსოფლიოში ახალისებს ყველას, განსაკუთრებით კაცებს, რომ ქალის მიმართ ასეთი მოპყრობა ნორმალურია“, - ასე გამოეხმაურა ჯერემის სიტყვებს პრინცი ჰარი.

 „ჩემი ტელეფონი აფეთქდა. ყველა ახლო მეგობარი გაბრაზებული იყო. ჩემი საქციელი ჩემმა ქალიშვილმაც კი დაგმო“, - ამბობს კლარკსონი.

2022 წლის დეკემბერში ტელეწამყვანმა წერილი პირადად პრინც ჰარისაც მისწერა. რა ეწერა წერილში კონფიდენციალურია.

კლარკსონს  ბოდიშის მოხდა საჯაროდაც მოუწია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჯერემი კლარკსონს სამსახურიდან სკანდალურად ითხოვენ. 2015 წელს, BBC-მ ის მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ერთ-ერთ პროდიუსერს სახეში გაარტყა.

გაზიარება: