მომდევნო წლიდან ყველა მსურველს Tesla Cybercab-ის შეძენა შეეძლება
Tesla Cybercab-ის პირველი ეგზემპლარები კერძო მფლობელებს 2026 წლის ბოლომდე გადაეცემათ. ამის შესახებ კომპანიის საინჟინრო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, ლარს მორავიმ, მესამე კვარტლის ფინანსური შედეგების წარდგენისას განაცხადა.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
ამ დრომდე წარმოებული ყველა Cybercab-ი ამერიკული კომპანიის საკუთრებაში არსებული რობოტაქსების ფლოტშია და მგზავრების გადასაყვანად გამოიყენება. წლის ბოლომდე გაწერილი მიწოდებები კი საცდელი ეტაპის ნაწილია, რომლის მიზანიც იქნება, შეაფასონ, თუ როგორ იმუშავებს Cybercab-ების კერძო მფლობელებისთვის გადაცემა, ასევე მათი მომსახურება და მართვა კომპანიის უშუალო კონტროლის მიღმა.
Cybercab-ი Tesla-ს ავტონომიური ტაქსების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ორკაციანი ავტომობილი სპეციალურად მძღოლის გარეშე გადაადგილებისთვისაა შექმნილი და არც საჭე და არც პედლები აქვს. კომპანიამ პირველად მისი დიზაინი 2024 წელს წარადგინა, კერძო მყიდველებისთვის მისი შეძენის შესაძლებლობაზე საუბარი კი ამ წლის სექტემბრიდან დაიწყო.

ცნობისთვის, ფასიანი მგზავრობებისთვის Tesla-მ საცდელი ტაქსები ოსტინში 3 სექტემბერს გაუშვა. კომპანიის გეგმით, Cybercab-ების დიდი ნაწილი სამომავლოდ სწორედ ფასიანი სერვისებისთვის იქნება გამოყენებული, თუმცა მცირე რაოდენობას კერძო მყიდველებისთვისაც გამოუშვებს.
მთავარ გამოწვევად კვლავ სრულად ავტონომიური მართვის ტექნოლოგია რჩება. Cybercab-ის კერძო მფლობელებისთვის გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს მოდელები ადამიანის ჩარევის გარეშე ყველა სიტუაციაში შეძლებენ გადაადგილებას. რეალურად, Tesla-ს ამჟამინდელი Full Self-Driving (Supervised) სისტემაც მძღოლის მუდმივ ყურადღებასა და საჭიროების შემთხვევაში ჩარევას მოითხოვს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, განცხადებით, Cybercab-ის ძირითადი დანიშნულება სატრანსპორტო მომსახურების მიწოდება იქნება და არა კერძო მფლობელებისთვის ავტომობილის შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ Cybercab-ის შეძენა წლის ბოლომდე შესაძლებელი უნდა გახდეს, მისი მასობრივი გაყიდვები კომპანიის პრიორიტეტი ამ ეტაპზე არ არის.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს