Aa Aa
18 მაისი 2023  |  13:55

BMW-ს ელექტრო ნავს i3-ის ბატარეები აქვს და 56 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია

ნავის დებიუტი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.

BMW-მ ნავების მწარმოებელ კომპანიასთან, Tyde-სთან, საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა. მათი თანამშრომლობის შედეგად კი ელექტრო ნავი დაიბადა, რომელსაც Icon-ი უწოდეს. მისი დებიუტი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ Icon-ი ერთ ეგზემპლარად არსებობს, ის სერიული წარმოებისთვისაც მზად არის.

Icon-ს ორი 134-ცხენისძალიანი ელექტრო აგრეგატი და BMW i3-ის ექვსი ბატარეა აქვს. ბატარეების ჯამური მოცულობა 240 კილოვატ-საათია. ნავს წყალქვეშა ფრთები აქვს, რომლის დახმარებითაც, მოძრაობის დროს, მაღლა იწევა. BMW-ში აცხადებენ, რომ ამგვარი მოწყობა ენერგიის მოხმარებას 80%-ით ამცირებს. გადასაადგილებელი სიჩქარე 45 კმ/სთ-ია. მაქსიმალური სიჩქარე კი 56 კმ/სთ-ს აღწევს. სვლის მარაგი 50 საზღვაო მილია (92 კილომეტრი).


როგორც BMW iX-ისა და XM-ის შემთხვევაში, მართვის სისტემის ხმაზე ოსკაროსანმა ჰანს ციმერმა იმუშავა. სპეციალურად შექმნილი ხმები Dolby Atmos-ის აუდიო სისტემიდან ისმის.

Icon-ს სამკუთხა ფორმა აქვს. მისი სიგრძე 13.15 მეტრია. უკანა მხარე 4.5 მეტრი სიგანისაა. ორივე მხარეს უზარმაზარი შუშები გვაქვს. წარმოიდგინეთ, როგორი შთამბეჭდავი ხედი იქნება ნავიდან. გეტყვით იმასაც, რომ ნავის დიზაინი BMW Designworks-ს ეკუთვნის.



კაპიტანი ყველა საჭირო ფუნქციას 32-დუიმიანი სენსორული ეკრანით აკონტროლებს, რომლის რეზოლუციაც 6K არის. სისტემა BMW-ს iDrive-ის ანალოგია.

BMW-ს Icon-ის წარმოება ჯერ მკაფიოდ არ აქვს გადაწყვეტილი. თუმცა, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ასეთი ტიპის ნავები შესაძლოა კომერციული კუთხითაც მომგებიანი იყოს.

მოგწონთ Icon-ი? რას შეცვლიდით მასში? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: