აუქციონი, ბუგატი, კრიშტიანუ რონალდუ, ბუგატი შირონი
Aa
Aa

გსურთ, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ავტომობილი გყავდეთ?

Bugatti Centodieci ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური და უნიკალური სუპერავტომობილია, რომელიც ოდესმე შექმნილა. ამ მოდელის მხოლოდ 10 ეგზემპლარი არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის. მოდელი შთამბეჭდავი დიზაინის გარდა, წარმოუდგენლად მძლავრი მახასიათებლებით გამოირჩევა.

ავტომობილის 8-ლიტრიანი W16 ძრავა, რომელიც 1 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2.4 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 380 კმ/სთ-ია. გარდა წარმოუდგენელი სიმძლავრისა, მანქანა დახვეწილი დიზაინითაც თვალშისაცემია: მკვეთრად დახრილი ფარები, ფიქსირებული უკანა ფრთა და დიფუზორი, მას სარბოლო მანქანის იერს მატებს.

რონალდუმ თავისი Centodieci 2019 წელს შეუკვეთა. თეთრი, Quartz White-ის ფერის მოდელს, შავი და წითელი ინტერიერი აქვს, რაც მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. ამ მანქანით რონალდუ რამდენჯერმე ესპანეთსა და პორტუგალიაში შენიშნეს. 

თუმცა, რონალდუს გარდა, Centodieci-ს კიდევ რამდენიმე პირი ფლობს. მათ შორის შვეიცარიელი კოლექციონერი, რომელმაც ავტომობილი 2019 წელს შეუკვეთა. მფლობელმა მანქანა 2022 წლის სექტემბერში მიიღო და თითქმის არ გამოუყენებია. არსებული მდგომარეობით, ავტომობილს მხოლოდ 437 კილომეტრი აქვს გავლილი და იდეალურ მდგომარეობაშია. 

ახლა შვეიცარიელი კოლექციონერი ამ მანქანას ყიდის. უნიკალური Centodieci პარიზში, აუქციონზე, 2024 ოთხ თებერვალს გამოჩნდება. ექსპერტთა შეფასებით, მანქანის სავარაუდო ღირებულება 10-15 მილიონი ევრო იქნება. შედარებისთვის, სტანდარტული Bugatti Chiron-ის ფასი დაახლოებით 3.5 მილიონ ევროა. 

შესაბამისად, ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ავტომობილი, რომელიც ექსკლუზიურობის ნამდვილი სიმბოლოა. ამასთან ერთად კი, იმის შანსიც გაქვთ, რომ ქუჩებში რონალდუს ავტომობილის მსგავსი მანქანით გადაადგილდებოდეთ. ეს მოდელი, ალბათ ერთნაირად მიიპყრობს კოლექციონერებისა და პორტუგალიელის ფანების ყურადღებას, რასაც აუქციონის დღეს შევიტყობთ. 

მსგავსი სიახლეები