ჩინეთის პასუხი Tesla Cybertruck-ზე | GAC-ის არატრადიციული პიკაპი
ამერიკული Tesla-ს Cybertruck-ი გაშვების დღიდან ყველაზე არატრადიციული პიკაპის ტიტულს ინარჩუნებს. თუმცა ჩინური GAC-ი მზადაა ახალი მოდელი წარადგინოს, რომელიც კომპანიის გათვლებით, Cybertruck-ს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.
Pickup 01-ის სახელით ცნობილი ელექტროპიკაპი, შანხაის ავტოშოუზე კონცეპტუალურად იქნა წარდგენილი. თუმცა ჩინური ავტომწარმოებლის განცხადებით, ახლა ის არა მხოლოდ წარმოებაში ჩაეშვება, არამედ გლობალურადაც გაიყიდება. GAC-მა, ნათლად განაცხადა, რომ Pickup 01 მხოლოდ ჩინეთის ბაზრით არ შემოიფარგლება. როგორც Autohome იტყობინება, ახალი მოდელი ავსტრალიაში, საუდის არაბეთში, ჩილეში, მექსიკასა და სხვა ქვეყნებშიც გავა - სადაც GAC არის წარმოდგენილი.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიას, რომელსაც Toyota-სთან და Honda-სთან ერთობლივი საწარმოები აქვს, პიკაპის შესაძლებლობების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. უცნობია, თუ რა ძრავას გამოიყენებენ ჩინურ Cybertruck-შიც. კონცეფცია, რომელიც Tesla Cybertruck-ისა და ახალი GMC Hummer EV-ის ნაზავს ჰგავს, კვადრატული, კუთხოვანი დიზაინით გამოირჩევა, რაც მას ჩინეთში წარმოებული სხვა პიკაპებისგან მნიშვნელოვნად გამოარჩევს.
თუ სერიული მოდელი კონცეფციის დიზაინით შენარჩუნდება, მაშინ დიდი შანსია, რომ ეს მოდელი ძირითადად უგზოობისთვის იქნება განკუთვნილი - დიდი კლირენსით, ღია საბუქსირე ჩამჭიდებითა და უზარმაზარი ბორბლებით. ნებისმიერი სხვა უგზოობისთვის გათვლილი ვერსიების მსგავსად, ამ კონცეფციასაც საქარე მინაზე LED განათების ზოლი და ტრადიციული გვერდითი სარკეების ნაცვლად, პატარა კამერები აქვს.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი Pickup 01-ის ინტერიერში. ფოტოებზე წარმოდგენილი ინტერიერის დიდი ნაწილი, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, რთული სათქმელია, რომ დადასტურდეს. თუმცა კონცეპტის ზოგიერთი ელემენტი, მათ შორის ფართოეკრანიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემა და დიზაინის მინიმალისტური დეტალები, დიდი ალბათობით წარმოებაში ჩაეშვება.