ავტოსპორტი, Nissan, Nismo, ნისანი, სპორტქარი, იაპონური
Aa
Aa

Nissan სპორტულ ხაზს ზრდის | Nismo მალე ახალ მოდელებს შექმნის

მიუხედავად გამოწვევებისა, Nissan დანებებას არ აპირებს. ამჯერად, კომპანია პერფორმანსზე ორიენტირებული ავტომობილების წარმოების გაძლიერებას გეგმავს და განყოფილება Nismo-ს აფართოებს. 

Nismo-ს ხაზი 5-დან 10 მოდელამდე გაიზრდება და იაპონური ავტომწარმოებლის პროგნოზის თანახმად, 2028 წლისთვის, წელიწადში 150 000 ერთეული პერფორმანსზე ორიენტირებული მანქანა გაიყიდება. იაპონიაში კი ამ რაოდენობის მხოლოდ 40% აიწყობა. ამისათვის, ნისანი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორობებზე, რათა დააჩქაროს პერსონალიზაციის სერვისები და მიწოდების ჯაჭვი მაქსიმალურად გამართოს.

ავტოსპორტი, რა თქმა უნდა, ბრენდის იდენტობის ცენტრში რჩება. Nismo განსაკუთრებულ ყურადღებას Super GT-სა და Formula E-ს ჩემპიონატებს დაუთმობს, რის პარალელურადაც იაპონიაში მიმდინარე Super Taikyu Series-ზეც გამოვა. ამი მიღმა, ბრენდი აპირებს, ახალ სარბოლო კატეგორიებსაც შეუერთდეს და ეს კონკურენცია მომავალი სპორტქარების განსავითარებლად გამოიყენოს.

ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი სიახლე კი მაინც Nismo-ს პროტოტიპია, რომელიც რბოლებში მონაწილეობას 2026 წლიდან დაიწყებს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავდაპირველი გეგმით, ავტოსპორტისთვის განკუთვნილი მანქანა თანდათანობით სერიულ მოდელად იქცევა. რას შეიძლება ველოდოთ — ახალი თაობის GT-R-ს, თუ რაღაც საერთოდ ახალს?

პერფორმანსის ხაზის ზრდა

რაც ზუსტად ვიცით, როგორც უკვე აღინიშნა, ისაა, რომ Nismo-ს პორტფოლიო მნიშვნელოვნად გაიზრდება. R35 GT-R-ის წარმოების შეჩერების შემდეგ, ჩრდილოეთამერიკელ მომხმარებლებს მხოლოდ სპორტქარი Z და სპორტული უნივერსალი Armada შემორჩათ. 

იაპონიაში კი ხელმისაწვდომია X-Trail-ის, Aura-ს, Note Aura-ს, Ariya-სა და Skyline-ის Nismo ვერსიები. შესაძლოა, ამ სიას სამომავლოდ Leaf-ისა და Micra-ს სპორტული ვერსიები დაემატოს (რასაკვირველია, მეტწილად ევროპული ბაზრისთვის).

დანამდვილებით ვიცით ისიც, რომ Nismo-ს მომავალი პროდუქტებიდან ერთ-ერთი მაინც Infiniti-ს მარკის მატარებელი იქნება. დიდი ალბათობით, ეს 2025 წელს გამოჩენილ QX80 Track Spec კონცეპტზე დაფუძნებული სერიული მოდელი იქნება.  

ეს SUV 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 650 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებდა და ვიზუალურადაც საკმაოდ „დაკუნთულად“ გამოიყურებოდა. სავარაუდოდ, სამომავლოდ ასეთივე განახლება Q50S-სა და QX65-საც შეეხება. 

ქარხნული რესტავრაციის პროექტები

Nismo მომავალზე ფოკუსირებასთან ერთად, ყურადღებას წარსულსაც დაუთმობს. რესტავრაციის გლობალური ბაზარი ამ მომენტში, დაახლოებით 3.3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და 2032 წლისთვის 8 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. 

ნისანს სურს, რესტავრაციისა და მოდერნიზაციის ბიზნესის გაფართოებით ამ სეგმენტის დიდ ნაწილს დაეპატრონოს. ამ მომენტში ყურადღება ძირითადად GT-R R32-სა და R34-ს ეთმობა, თუმცა სამომავლოდ, სხვა მოდელების დამატებაც იგეგმება. 

ერთი სიტყვით, იაპონური ავტომშენებლობის ერთ-ერთი ვეფხვი დანებებას არ აპირებს და უამრავი პრობლემის მიუხედავად, სპორტული მოდელებით ავტომოყვარულების განებივრებას არ შეწყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები