Nissan-ი ქარხნების გადარჩენას ცდილობს | ავტომწარმოებელი ჩინეთს მიმართავს
რამდენიმე თვის წინ, Nissan-ი, როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ Honda-სთან თანამშრომლობა შედგებოდა. პარტნიორობა კომპანიისთვის გადარჩენის ერთ-ერთ საიმედო გზად განიხილებოდა. თუმცა შეთანხმება ჩაიშალა და Nissan-საც ახალი გზების პოვნა მოუხდა. ბევრისთვის მოულოდნელად კომპანია ახლა საერთაშორისო ქარხნების ჩინელ პარტნიორ Dongfeng-თან გაზიარებას გეგმავს.
ოპერაციების გამარტივების მიზნით, Nissan-ი თავისი 17 გლობალური ქარხნიდან უახლოეს მომავალში შვიდის დახურავს. თუმცა მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს, ოპერირებას განაგრძობს. კომპანიის ხელმძღვანელის, ივან ესპინოზას განმარტებით, Dongfeng-ს აქვს პოტენციალი, ამ ქარხანაში ავტომობილების წარმოება დაიწყოს. გარდა ამისა, Nissan-ი ქვეყანაში ელექტრომობილების წარმოებასაც განიხილავს.
„ჩვენ ღია ვართ მათთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ესპინოზამ Financial Times-სთან გამართულ ბოლო კონფერენციაზე. „ყველაფერი შეგვიძლია განვიხილოთ. ჩვენ შეგვიძლია ჩინეთის ფარგლებს გარეთ ერთობლივად ვიმუშაოთ და მოვიწვიოთ ისინი ჩვენს წარმოების ეკოსისტემებში“.
როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, Nissan-ის სანდერლენდის ქარხანა ამჟამად საკმაოდ დაბალი სიმძლავრით მუშაობს. გასულ წელს, ქარხნის წარმოებამ მხოლოდ 282 000 ერთეულს მიაღწია. რეალურად, ქარხანას 600 000-ზე მეტი ავტომობილის წარმოების შესაძლებლობა აქვს. სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, Dongfeng-ისთვის ქარხანაში წარმოების ნებართვის გაცემა, ქარხნის მომგებიანობის ზრდასაც წაადგება.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ბრიტანული წარმოების ერთგული რჩება, კომპანიას მთავრობის დახმარება სჭირდება. ესპინოზამ მათ მხარდაჭერისკენ უკვე მოუწოდა. განსაკუთრებით კი, ენერგიის ხარჯების კუთხით, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმაზე მაღალია, ვიდრე დარჩენილი სამყაროს დიდ ნაწილში.