რუსეთი, ნივა, ავტოვაზი, აზიმუტი
Aa
Aa

ათწლეულების შემდეგ, Lada-მ დუმილი 120 ცხ.ძ-იანი SUV-ით დაარღვია

როგორც ჩანს, რუსეთმა ახალი ავტომობილის გამოსაშვებად „მოიცალა“ და ადგილობრივმა ავტომწარმოებელმა Avtovaz-მაც Lada-ს ახალი კროსოვერის წარდგენით, თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ დუმილი დაარღვია. 

რუსი მომხმარებლების დიდი ხნის ნანატრი Niva-ს ნაცვლად, კომპანიამ Azimut-ი გამოაგორა - ხუთადგილიანი SUV-ი, რომლის გაშვებაც როგორც ამბობენ 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი მოდელი სრულად რუსეთში იქნება აწყობილი, დაპროექტებული და წარმოებული. ეს კი გასაკვირი არცაა, თუ განსაკუთრებით ბოლო წლებში, რუსეთის საერთაშორისო თანამშრომლობებს გავიხსენებთ.

Azimut-ი Lada-სთვის საოცრად თანამედროვედ გამოიყურება და წესით, Dacia Duster-სა და Bigster-ისთვის კონკურენციისთვის შემუშავდა. ავტომობილის წინა ნაწილს მოკლე ცხვირით ვერტიკალური იერი აქვს. ის იყენებს Lada-ს საფირმო X-ის ფორმის დიზაინს, ხოლო მისი LED-მაშუქები, მოდელის ცხაურასთან და ჰაერის შემშვებთანაა მოქცეული. ამას ემატება 18-ინჩიანი ალუმინის დისკები და უკანა მხარეს, მაშუქებს შორის სრულს სიგრძეზე მოთავსებული LED-განათების ზოლი.

გამოშვების საწყის ეტაპზე, Azimut-ი მხოლოდ ბენზინის ძრავით იქნება აღჭურვილი. 1.6-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით ერთი ვერსია 120 ცხენის ძალას, მეორე კი, 1.8-ლიტრიანით 132 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამას ემატება 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ან CVT. თუმცა Lada რუს მომხმარებელს 150 ცხ.ძ-იან მოდელსაც შესთავაზებს, ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

ოფ-როუდისთვის დამახასიათებელი სტილის მიუხედავად, Azimut-ი სავარაუდოდ მხოლოდ წინა წამყვანი იქნება, როგორიც Vesta-ს სედანი და  SW-ია. თუმცა Lada-ს თუ დავუჯერებთ, ამ მოდელს ყველა ტიპის რელიეფთან შეუძლია გამკლავება. ამ განცხადების მიუხედავად, კომპანიას ჯერ მოდელის სრულად წამყვანი ვერსია არ დაუანონსებია.

რაც შეეხება ფასს. როგორც გითხარით, ამ მოდელის გაშვება ბაზარზე 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. ავტომობილის ღირებულება კი, სავარაუდოდ, 2-3 მილიონი რუბლის ფარგლებში იქნება, რაც დაახლოებით $31-$38 000-ია. ეს ფასი, Azimut-ს Lada-ს არსებული ხაზის ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელად აქცევს.

 

მსგავსი სიახლეები