„ეს ავტომობილები მხოლოდ მეორადი უნდა შეიძინოთ“ | ინდუსტრიის ექსპერტები
Kelley Blue Book-ის მიხედვით, მეორადი ავტომობილის საშუალო ფასი 25 470 აშშ დოლარია. საკმაოდ სოლიდური ფასია მათთვის, ვისაც შეზღუდული ბიუჯეტი აქვს და ამ ფაქტის გამო, მეორადი ავტომობილის ყიდვას ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, ახალი მანქანის არჩევისას ფასი ერთადერთი ფაქტორი არ უნდა იყოს. თუ საავტომობილო ინდუსტრიის ექსპერტთა ნაწილს დავუჯერებთ, ზოგიერთ ბრენდის შემთხვევაში, სჯობს თუ არჩევანს სწორედ მეორად ავტომობილზე შეაჩერებთ.
Toyota სანდო და გამძლე ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი. Consumer Reports-ი Toyota-ს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მწარმოებელადაც კი ასახელებს - Subaru-სა და Lexus-თან ერთად. Toyota-ს ყველაზე საიმედო მოდელებს შორისაა: RAV4, Corolla, Prius, Highlander, Grand Highlander და ა.შ.
როგორც საავტომობილო ინდუსტრიის ექსპერტები ამტკიცებენ, საიმედოობაა ის მიზეზი, რომლის გამოც მეორადი Toyota-ს შეძენაც თავისუფლად შეგიძლიათ. „Toyota-ს ავტომობილებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ დროს და მაღალ გარბენს გაუძლონ. წლების განმავლობაში კი შეინარჩუნონ თავიანთი მახასიათებლები და ღირებულება“, - განაცხადა კალკინს რუთ შმიდტმა, საავტომობილო ექსპერტმა და FindByPlate-ის გენერალურმა მენეჯერმა. „გარდა ამისა, Toyota-ს ავტომობილები ელეგანტურად ბერდებიან, მინიმალური ცვეთისა და მოვლის პრობლემებით“.
CarGurus-ის მონაცემებით, მეორადი Toyota Corolla-ს საშუალო ფასი დაახლოებით 16 821 აშშ დოლარია. ხოლო Toyota RAV4-ის საშუალო ფასი დაახლოებით 23 400 აშშ დოლარი.
შემდეგი Honda-ა. თუ Honda-ს ყიდვა გსურთ, ექსპერტები გირჩევენ HR-V, Accord, CR-V, Odyssey, Pilot ან Civic აირჩიოთ. CarGurus-ის მონაცემებით, მეორადი Civic-ის საშუალო ფასი 18 000 დოლარზე ოდნავ ნაკლებია.
„Honda Civic-ს, სათანადო მოვლის შემთხვევაში, 300 000 კილომეტრზე მეტის გავლაც შეუძლია, მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილი, რომელსაც 100 000 კილომეტრი აქვს გავლილი და მრავალი წელი მშვიდად მართოთ“, - განაცხადა ალან გელფანდმა, German Car Depot-ის მფლობელმა.
იმავეს გირჩევენ ექსპერტები Lexus-ის შემთხვევაში, თანაც ამ ბრენდის ახალი მოდელების შეძენა, არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. ყველაზე საიმედო მოდელებს შორისაა NX, NX Hybrid, ES, RX Hybrid, ES Hybrid, TX, NX Plug-In და RX hybrid.
როგორც ალექს ბლეკი, EpicVIN-ის მთავარი მარკეტინგის დირექტორი და ავტოინდუსტრიის ექსპერტი ამბობს, Lexus მეორადი ავტომობილების ბრენდების მთავარი კონკურენტია. ის გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი საიმედოობით გამოირჩევა, ნაწილები კი, მარტივად ხელმისაწვდომია.
Subaru, რომ დროს უძლებს ეს სიახლე არავისთვისაა. ასე, რომ ამ სიაში არც მისი მოდელების დანახვა გაგაკვირვებთ. Toyota-ს მსგავსად, Subaru-ც ინარჩუნებს მტკიცე ერთგულებას საიმედოობისა და ინოვაციების მიმართ. საინტერესოა, რომ Consumer Reports-მა Subaru ახალი ავტომობილების ყველაზე საიმედო მწარმოებლადაც დაასახელა. მეორადი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში კი, შემდეგ მოდელებს გირჩევთ: Forester, Impreza, Legacy, Outback, Solterra ან Ascent.