ელექტრომობილი, ჩინეთი, ნისანი, დონგფენგი, ნისან ენ7
Aa
Aa

Nissan-ის ახალი და იაფი ჩინური ელექტრომობილი უკვე გზაშია

მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა Nissan-ი დანებებას არ აპირებს და გლობალურ ბაზარს ახლა უკვე ჩინური წარმოების ელექტრომობილს სთავაზობს. N7 საშუალო ზომის ელექტროსედანია, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვის შემუშავდა, თუმცა ახლა უკვე მის ფარგლებს გარეთაც გამოჩნდება. თუმცა, არა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ივნისის ბოლოს, Dongfeng Motor Group-ი და Nissan China Investment-ი ახალი კომპანიის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ავტომობილების ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ორგანიზაციას დაახლოებით $140 მილიონის რეგისტრირებული კაპიტალი აქვს, რომლის 60% Nissan-ზე მოდის, დანარჩენი კი Dongfeng-ზე.

მიუხედავად იმისა, რომ თავად Nissan-ს საექსპორტო ბაზრები ჯერ არ დაუკონკრეტებია, Xhby-ის ანგარიშის თანახმად, Nissan-ი, ჩინეთში წარმოებული N7-ის სხვა ელექტრომოდელებთან ერთად სხვადასხვა რეგიონში გაგზავნას გეგმავს - მათ შორის, მომავალი წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. მოდელის ფასი დაახლოებით $17 000-დან იწყება. 

ჩინურ ელექტრომობილებზე მზარდი გლობალური მოთხოვნის გათვალისწინებით, Nissan-მა შესაძლოა ასევე N7-ის ევროპისა და ავსტრალიის ბაზრებზე გაშვებაც განიხილოს. დაუზუსტებლად ვრცელდება ინფორმაციაც, რომ გლობალურ ბაზარზე მალე Nissan Z9-ს ან Frontier Pro-საც ვიხილავთ, რომლებიც plug-in ჰიბრიდული ძრავითაა უზრუნველყოფილი.

თუმცა ეს ისეთი მარტივი არ იქნება, როგორც სხვა ბაზრების შემთხვევაში, რადგან Nissan-ს მანქანის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილის მოდიფიცირება დასჭირდება. მოდელი ჩინურ ხელოვნურ ინტელექტზეა დამოკიდებული, რომელიც საზღვარგარეთული ქვეყნების ნაწილში აკრძალული ან შეზღუდულია. პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია საერთაშორისო ბაზრებისთვის გათვლილ ახალ პაკეტს შეიმუშავებს და ინვესტიციას ადგილობრივ დეველოპერ IAT Automobile Technology-ში ჩადებს.

Nissan N7-ის მოდელი Dongfeng eπ 007-ზეა დაფუძნებული, რამაც კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები დაუზოგა. სხვა შემთხვევაში, კომპანიას ავტომობილის ნულიდან აწყობა მოუწევდა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. Mazda-მ მსგავსი მიდგომა EZ-6-ის შემთხვევაშიც გამოიყენა, რომელიც ევროპაში 6e-ს სახელითაა ცნობილი.

 

მსგავსი სიახლეები