სამეზობლომ პარალელურ პარკირებაში შეჯიბრი მოაწყო | რა შედეგებით დასრულდა „ჩემპიონატი“?
პარალელური პარკირება ყველას ნამდვილად არ „ეხერხება“. თუმცა ბოლო პერიოდში, ქალაქების თანამედროვე დაპროექტებებმა, ამ „უნარის“ ფლობის საჭიროება მეტ ნაკლებად გააქრო. უფრო მეტიც, ქალაქების ნაწილში, პარალელური პარკირება მართვის მოწმობის გამოცდებიდანაც კი ამოიღეს. ამის მიუხედავად, ბევრ ურბანულ რაიონში კვლავ საჭიროა პარალელური პარკირება და ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში სამეზობლომ გადაწყვიტა მცირე შეჯიბრიც მოეწყო.
პარალელური პარკირების შეჯიბრის იდეა ცოლ-ქმარ დენიელ ლიმანს და კეისი შრაინერსა და მათი ოჯახის ახლო მეგობარს, სტეფანი ლინჩის გაუჩნდათ. შეჯიბრისთვის ტროტუარის ერთი მონაკვეთი შეარჩიეს, შემდეგ კი, ცარცით, შესაბამისი მონიშვნებიც გააკეთეს. ამას გარდა, ჟიურის წევრებმა, ავტომობილების უკანა კამერებზე მუყაოს ნაჭრის მიკვრაც გადაწყვიტეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მძღოლები სრულად თავიანთი უნარების იმედად აიცილებდნენ უკანა მანქანებთან შეჯახებას. ცხადია, შეჯიბრისას არც ავტომატური პარკირების ფუნქცია იყო დაშვებული.
Good Morning America-ს მიერ გაზიარებული ვიდეოს თანახმად, თავისი უნარების დემონსტრირება 50-ზე მეტმა ადამიანმა სცადა. მათ შორის პატარა ბავშვმაც, თავისი G-Wagen-ით. რა თქმა უნდა, შეჯიბრისთვის წესებიც შემუშავდა, მაგალითად: წესების თანახმად, რაც უფრო მოკლე იყო მანქანა, მით უფრო ნაკლებ ქულას იღებდა. შესაბამისად, თუ თქვენ მონაწილეობას Ford F-250-ით მიიღებდით და თან კარგ შედეგსაც დააფიქსირებდით, სახლში გამარჯვებულიც დაბრუნდებოდით და თან თასს, ოქროს Subaru-საც წაიღებდით.