ეს მანქანები არ უნდა შეიძინოთ | თუ შემდეგ, მისი გაყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი
აშშ-ის ელექტრომობილების ბაზრის 40%-ზე მეტი კვლავ ამერიკულ Tesla-ს უკავია, თუმცა მისი გაყიდვები იანვრიდან ივნისამდე პერიოდში 11%-ით შემცირდა. ამ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ ახალი ავტომობილების გაყიდვებზე არ გვაქვს, რადგან Tesla იმ მეორად მანქანებს შორისაც ლიდერია, რომელთა ღირებულებაც ყველაზე სწრაფად ეცემა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის კომპანია იმ ავტომობილთა ათეულში, რომელთა საშუალო ღირებულება ყველაზე სწრაფად და ასევე, მკვეთრად ვარდება, ჯამში ოთხი მოდელითაა წარმოდგენილი. ესენია: Tesla Model S, Tesla Model X, Tesla Model Y, Tesla Model 3. უახლესი მონაცემები iSeeCars-მა წარადგინა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სწორედ Tesla-ს წყალობით, ჩამოთვლილი 10 მოდელიდან ხუთი ელექტრომობილია. ეს ყველაფერი კი, იმის მიუხედავადაც, რომ ელექტრომობილები რეალურად 1-დან 5 წლამდე ასაკის მეორადი ავტომობილების ბაზრის მხოლოდ 3.3%-ს შეადგენენ.
კვლევის თანახმად, ღირებულების ყველაზე დიდი პროცენტული ვარდნა Model S-ის შემთხვევაში დაფიქსირდა, თუმცა არა დოლარში გამოსახვისას. სედანის საშუალო ფასი 2025 წლის ივნისში 46 700 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 15.8%-ით ანუ 8 800 აშშ დოლარით ნაკლებია 12 თვით ადრე დაფიქსირებულ მაჩვენებელზე. თუმცა Model X SUV-მა -9 500 აშშ დოლარის ღირებულება დაკარგა, მაგრამ ეს პროცენტულად (-15.5%) უფრო ნაკლები ზარალია.
აქვე უნდა ითქვას, რომ სიაში შემავალი ხუთივე ელექტრომობილის ღირებულება, მეორადი ელექტრომობილების საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დავარდნილია. რასაც ვერ ვიტყვით შიგაძრავიანი ავტომობილების შემთხვევაში, რომელთა საშუალო ღირებულებაც იმავე 12-თვიან პერიოდში 5.2%-ით გაიზარდა.