მერსედეს ჯი-კლასი, ბიემვი იქს5, როლს-როის ფანტომი, განგსტერული მანქანები, ტოპი, ბიემვი მეშვიდე სერია ე38, ლინკოლნ კონტინენტალი, იაგუარ იქსჯეიარი, მაზერატი კუატროპორტე, მერსედეს-ბენც დაბლიუ140, შევრიოლე იმპალა, კადილაკ სერიეს 452
Aa
Aa

რომელია 10 ყველაზე საშიში განგსტერული მანქანა ისტორიაში?

დაფიქრებულხართ თუ რით ხიბლავთ ადამიანებს მაფია და მაფიოზები? არის ეს ძალაუფლება? იქნებ, მუდმივი საფრთხისგან მიღებული ადრენალინი? შესაძლოა ცხოვრების სტილი ან თუნდაც, ეს... ავტომობილები.

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მაფიოზებისა და განგსტერების სამყაროში, ავტომობილი უფრო მეტია, ვიდრე გადაადგილების საშუალება. მათთვის და არამარტო მათთვის, მანქანა სტატუსი, სტილი და თვითგამოხატვის საშუალებაცაა.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ ათი საუკეთესო განგსტერული ავტომობილი უნდა მიმოვიხილოთ. ეს ის მანქანებია, რომლის ყველა საბარგულსაც თავისი ბნელი, კრიმინალური და სისხლიანი ისტორია აქვს.

BMW 7 Series (E38)

არავის გაუკვირდება თუ გეტყვით, რომ სიტყვა „მაფიას“ სიცილიური ფესვები აქვს. ამაყი, მამაცი და ძლიერი - ამ ყველა მახასიათებელს სიცილიელები ერთ სიტყვაში - „მაფიოსოში“ უყრიან თავს. და თუ ამ აღწერას ავტომობილებში გადმოვიტანთ, რა გაგვახსენდება ყველას თუ არა BMW-ის ეს ლეგენდარული მოდელი?

თქვენ წინაშეა გერმანული საავტომობილო ინჟინერიის ნამდვილი შედევრი - ბიემვი, მეშვიდე სერია, E38. ავტომობილი, რომელსაც თავისი დახვეწილი და სახელისუფლებო იერის გამო ბევრი ირჩევდა. ამ ადამიანებს სურდათ ჰყოლოდათ რამე განსაკუთრებული, ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე. მისი ელეგანტური ვიზუალის მიღმა კი ძლევამოსილი, მანქანაზე არანაკლებ ლეგენდარული 4-ლიტრიანი V8 ძრავა იმალებოდა.

E38-ს BMW 1994 წლიდან 2001 წლამდე უშვებდა. ეს იყო შესანიშნავი მანქანა კრიმინალური ავტორიტეტებისთვის, რომელსაც, მაღალ სიჩქარესთან ერთად, კომფორტი სჭირდებოდათ. და აქვე, არ უნდა დავივიწყოთ მისი შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული ვერსიებიც.



Lincoln Continental

Lincoln Continental-ი 1960-იანი წლებიდან ამერიკული განგსტერული კულტურის ღირსეული წარმომადგენელია. ეს ის ავტომობილია, რომელიც გამოსვლიდან მალევე, ძალაუფლებისა და ავტორიტეტის სიმბოლოდ იქცა. მისი მდიდრული ვიზუალის მიღმა კი მტკიცე და გამძლე 5-ლიტრიანი V8 იდგა. თუმცა, ამ მანქანას თითქმის არაფერი ჰქონდა საერთო სიჩქარესთან და წარმადობასთან. ძლევამოსილი იერით ის უფრო მეტად სიმდიდრისა და სტილის სიმბოლოდ ითვლებოდა.

1979 წლის Lincoln Continental-ი მარადიული მიმზიდველობის განსახიერებაა - ის, რაც მოდიდან არასდროს გადავა. დიდი ზომის გამორჩეული დიზაინი, ამ ავტომობილით მგზავრობასაც კი კომფორტულს ხდიდა.

Lincoln Continental-ი პოლ კასტელანოს, ნიუ-იორკის გამბინის ოჯახის უფროსს ეკუთვნოდა. თუმცა, კასტელანოს მმართველობამ მხოლოდ მცირე ხნით გასტანა. არ გაგიკვირდებათ, როგორც ხდება ხოლმე: მისი მკვლელობა ჯონ გოტიმ შეუკვეთა და მაფიის ოჯახის სათავეშიც თავად მოექცა. ეს ორი, როგორც ჩანს ერთმანეთში ინტერესებს ვერ იყოფდა, მაგრამ საავტომობილო გემოვნება კი ერთნაირი ჰქონდათ. გოტიც, კასტელანოს მსგავსად, Continental-ით დადიოდა, მაგრამ Jaguar-იც ჰყავდა.

Jaguar XJR

Jaguar XJR-ს ირჩევდნენ ისეთ გემოვნებიანი მაფიოზები, რომლებიც დახვეწილობასა და სიმძლავრეს შორის სრულყოფილ ბალანსს ეძებდნენ. ეს ბრიტანული ძვირად ღირებული სედანი 4-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი, რაც მას განგსტერული ავტომობილების ერთ-ერთ უსწრაფეს წარმომადგენლად აქცევდა. ამასთან ერთად, ავტომოყვარულებში ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სედანად ითვლება.

ეს მანქანა დაუჯერებლად მაგარი რამ იყო. უსწრაფესი შავი კატა 370 ცხენის ძალით. დუიმის სისქის ხის ინტერიერი, კლასიკური იაგუარის კორპუსისა და სიმძლავრის ნაზავი - იქს-ჯეი-არი,  ნამდვილად შესაფერისი იყო მაფიოზური თამაშებისთვის.

Maserati Quattroporte

იტალიური მაფიისთვის თითქმის ყველა Maserati ზედ გამოჭრილია, თუმცა, გამორჩევა მაინც შეიძლება. Maserati-ის მდიდარი ისტორიიდან ამ საქმისთვის ზედ გამოჭრილი 2003-2012 წლებში წარმოებული Maserati Quattroporte-ა. ეს მანქანა, თავისი ეგზოტიკური იტალიური დიზაინით, ამ ქვეყნის მაფიის მთავარი კულტურული ელემენტია. ავტომობილი, რომელიც თავის თავში სტილს, სპორტულ შესაძლებლობებსა და აი ამ ხმას აერთიანებდა. უუფ!

ყველაფერი ერთში - მეტი რა უნდა ინატრო? ხო აქვე, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მანქანის კაპოტქვეშ ფერარის მიერ შექმნილი V8 ძრავა იმალებოდა.

Quattroporte-ს მაფიასთან დაკავშირება კი, მისი იტალიური ფესვებიდან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკურია. 2-ტონიან შიშს და მძვინვარებას შეუფერხებლად შეუძლია გამოგზაუროთ კორლეონეს გზებზე. გარშემომყოფებმა კი ყოველთვის იციან თუ რა გაქანების ადამიანი ზის მის საჭესთან.

Rolls-Royce Phantom

ეს მანქანა არა მაფიის რიგითი წარმომადგენლების, არამედ მაფიის მთავარი ბოსების საუკეთესო ავტომობილადაა აღიარებული. ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის მიერ გამოშვებული მოდელებიდან Rolls-Royce Phantom-ი 2003 წელს გამოშვებულ მეშვიდე თაობას გამოვარჩევთ. ეს ავტომობილი მათთვისაა, ვისაც პატიოსანი შრომით მისი საყიდელი ფული ნამდვილად არ აქვს ნაშოვნი.

წლების განმავლობაში, ეს Rolls-Royce არაერთი გავლენიანი ლიდერისა თუ მაფიის ბოსის ავტოფარეხში ვიხილეთ. ავტომოყვარულებს ფანტომი მდიდრული, ტრადიციული არისტოკრატული დიზაინითა და 6.75-ლიტრიანი V12 ძრავით იზიდავს... ეს მასიური სედანი, რომელიც 453 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ხელით იყო შექმნილი. თითოეული ეგზემპლარის შექმნაში უდიდესი ადამიანური რესურსია დახარჯული. სწორედ ამიტომ ღირს Rolls-Royce ის, რაც ღირს. სწორედ ამიტომ სცემენ პატივს ყველას, ვინც Rolls-Royce ფლობს.

Mercedes-Benz W140 S Class

S-კლასის ეს თაობა, მეტსახელად "ტანკი", გამძლეობისა და ფუფუნებისთვის შეიქმნა. ამ მიზეზით კი მაფიოზებისთვის რჩეულ ავტომობილად იქცა. უფრო ზუსტად, კი რუსული მაფიის.

ამ მანქანას ჰქონდა ყველაფერი, რაც ჩვენი განგსტერების მასლოუს პირამიდის მწვერვალზეა მოქცეული. დიდი გაბარიტები, დახვეწილი დიზაინი, ორმაგი შუშები, უზარმაზარი საბარგული უკან და მძლავრი ძრავა წინ.

რუსებმა W140-ს, თავისი მახასიათებლების გამო,  მეტსახელიც შეურჩიეს და დათვი შეარქვეს. დათვი ძრავების მრავალფეროვნებით იყო გამორჩუელი. მისი ტურბოდიზელისა და ბენზინის ძრავების მოცულობა 3.4-დან 7.3 ლიტრამდე მერყეობდა.

Mercedes G-Class

ალბათ G-Class-ში ჩაჯდომაც საკმარისია იმისთვის, რომ თავი მაფიოზური დაჯგუფების წევრად იგრძნოთ. ხუმრობა იქით იყოს და გზებზე ამდენი შავსათვალიანი მძღოლი, ცივი გამოხედვითა და მართვის თავხედური სტილით სხვას რას უნდა ნიშნავდეს?

2024 წელზე რა გითხრათ, მაგრამ ერთ დროს, ამ მოდელს ნამდვილი მაფიოზები  მართავდნენ. ნამდვილ მაფიოზებში ჩვენ ინტელექტუალურ მაფიოზებზე გვაქვს საუბარი.

ამ მოდელის წარმოშობის ისტორიაც კი შთამბეჭდავია. სამხედრო მანქანად ჩაფიქრებული ირანის შაჰის მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა. თუმცა, 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ, მერსედესსა და შაჰს შორის შეთანხმებაც ჩაიშალა. Mercedes-Benz-ის გუნდმა ახალ გამოსავალზე ფიქრი დაიწყო. ბოლოს კი ადგნენ და უგზოობისთვის შექმნილი სამხედრო მანქანა სამოქალაქო გადაადგილებისთვის გადააკეთეს.

G-Class გთავაზობთ უხეში გარეგნობისა და ფუფუნების სრულყოფილ შერწყმას. ის საუკეთესო ავტომობილია იმისთვის, თუ რამე მიქარეთ, და გასაქცევად მხოლოდ ჯუნგლებიღა გაქვთ დარჩენილი. ან გაეკიდოთ ჯუნგლებში მას, ვინც რამე მიქარა.

Chevrolet Impala

1960-იანი წლების Chevrolet Impala საკულტო ავტომობილია, რომელსაც ამერიკულ კრიმინალურ სამყაროსთან განსაკუთრებით მყარი კავშირები აქვს. გრძელი კორპუსით ცნობილ ამ ავტომობილს მთელი კლანის გადასაყვანად V8 ძრავა ძრავა ეხმარებოდა. ფართო საბარგული კი „საქმიანი“ ტრანსაქციებისთვის მას იდეალურ ხდიდა.

ეს მანქანა ჰყავდათ ამერიკელს განგსტერებს და ცნობილ რეპერებს. მათ შორის 2-Pac-საც.  ამ მანქანაზე ამონტაჟებდნენ სპეციალურ პნევმატიკურ დაკიდების სისტემას. მისი მეშვეობით მანქანას ადგილზე ხტუნაობა და უჩვეულოდ გადახრა-გადმოხრა შეეძლო.

ეს მანქანა არაერთ კრიმინალურ დრამაში, სერიალსა თუ სატელევიზიო შოუში ვიხილეთ. ალბათ ამიტომაც, მარტივად დაიმკვიდრა „მაფიის ავტომობილის“ სახელი და ფართო საზოგადოებაში ორგანიზებული დანაშაულის სახედაც იქცა.

BMW X5

ამ მანქანას საქართველოში ყველა კარგად იცნობს. „იქსპიატი“ ჩვენთან დღემდე „ძერსკად“ ჟღერს. ზოგსაც ამ მანქანის არსებობა ყელში აქვს ამოსული. თუმცა, ერთი რამ ფაქტია - თუ შედარებით შეღავათიან ფასად მაფიოზთა კლანში შეძრომა გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ეს მანქანა თქვენთვისაა.

BMW e53 X5 პოპულარობას გამოსვლის დღიდან არ უჩივის. ყველაზე გამორჩეული ვერსია 4.8is-ი გახლავთ. ეს გრუხუნა SUV-ი მძლავრიცაა და ბოროტებასაც ასხივებს. ბოროტებას, ისევე როგორც მათი მძღოლები.

თავის პირველ ესიუვიშიი, BMW-მ ძალები არ დაზოგა და მანქანის დიდ ზომას თავისი სედანების სისწრაფეც მოარგო. V8 ძრავითა და სრული ამძრავი სისტემით, ეს მანქანა შესანიშნავად ახერხებს ქალაქის ქუჩებთან გამკლავებას და თუ საჭიროა გაქცევასაც კი.

თუმცა, Impala-ს მსგავსად, X5-ისა და მაფიის კავშირი უფრო მეტად კულტურული საკითხია. ისტორიას ნამდვილად არ ახსოვს მაფიოზები, რომლებიც X5-ს ფლობდნენ, თუმცა ახსოვს ფილმის გმირები, ძირითადად კრიმინალები, რომლებიც სწორედ ბიემვის პირველი ესიუვით გადაადგილდებოდნენ.

სინამდვილეში, ორგანიზებულ დანაშაულთან ეს მოდელი კავშირში ნამდვილად არაა. საქართველოში კი, ამ ავტომობილის კრიმინალურად რომანტიზება ჩვენივე დამსახურებაა.

1930 წლის Cadilac Series 452

და ბოლოს: ნამდვილი რელიკვია მაფიის ოქროს ხანიდან - Cadilac Series 452. ეს მანქანა, უზარმაზარი V16 ძრავით, იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ავტომობილი იყო. Cadilac-ი სწორედ ის მოდელი გახლდათ, რომელსაც მისი მფლობელი, შეხების პირველივე წამიდან, არაამქვეყნიურ ფუფუნებაში გადაჰყავდა.

უზარმაზარი გაბარიტები და მდიდრული ინტერიერი მას კრიმინალური საქმიანობისთვის იდეალურ მანქანად აქცევდა.  და ვის უნდა ჰყოლოდა ეს ავტომობილი თუ არა, მაფიის ერთ-ერთ უდიდეს და ძლევამოსილ ბოსს - ალ კაპონეს. დიახ, ამერიკის მაფიოზური ცხოვრების სათავეში მყოფი ალ კაპონე სწორედ სპეციალური შეკვეთით დამზადებული Cadilac-ის ლიმუზინით გადაადგილდებოდა.

იმის დადგენა ნამდვილად გაგვიჭირდება, თუ რამდენი ადამიანი შეიწირა ნაიარევი სახის მქონე განგსტერმა, თუმცა ხელებაწეულებმა შეგვიძლია ვაღიაროთ - რომ ამერიკული სისასტიკის მთავარ სიმბოლოს ავტომობილებში ნამდვილად შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა.

მაფიის ბოსი ორ შეჯავშნულ Cadilac-ის ფლობდა. მათ შორის 1928 წლის Cadilac  Model 341A Town Sedan, მოდიფიცირებული V8 ძრავით, და 7-ადგილიან ლიმუზინს Cadilac Series 452-ს, რომელიც  V16-ით იყო აღჭურვილი.

 

მსგავსი სიახლეები