ელექტრო G-Wagen-ის ფასდაკლებით ერთი სრული ჩინური EV-ის შეძენას შეძლებთ
Mercedes G-Wagen-ის ისტორიაში, ალბათ იშვიათად თუ ყოფილა პერიოდები, როდესაც ავტომწარმოებელს მისი საკულტო SUV-ის გაყიდვა ასე „გაჭირვებოდა“. თუმცა G-Wagen-ის ელექტროვერსია სწორედ ასეთი მოვლენაა. ბაზარზე გაშვების შემდეგ, მოდელმა გაყიდვებში არც თუ სახარბიელო შედეგები მიიღო, სიტუაციის გამოსწორებას კი კომპანია ახლა უკვე მასშტაბური ფასდაკლებების შეთავაზებით ცდილობს.
სადილეროებში გაგზავნილ წერილში, საცალო მოვაჭრეებს EQ ტექნოლოგიით აღჭურვილი G580-ისთვის $9 500-მდე შეღავათის გაკეთება დაევალათ. აღნიშნული თანხა $2 000-ით უფრო მეტია, ვიდრე გასულ თვეში გაკეთებული შეთავაზება და ჩინეთში BYD-ის ელექტრომობილის, Seagull-ის ფასსაც კი აჭარბებს.
გარდა ამისა, G580-ისთვის, ყოველთვიური იჯარის ფასზეც, წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.3%-მდე შემცირებაა გათვალისწინებული. ეს კი, მსურველებისთვის დამატებითი შეღავათია. გამოცემათა ვარაუდით, შეღავათები Mercedes-ის გეგმის ნაწილია - ელექტრომობილების საგადასახადო კრედიტების გაუქმებამდე გაყიდვები და შესაბამისად, შემოსავლებიც გაზარდოს.
თითქმის ხუთნიშნა ფასდაკლება სტანდარტულ ავტომობილზე რევოლუციური გადაწყვეტილება იქნებოდა, თუმცა ნაკლებად G-Wagen-ისთვის, რომლის ღირებულებაც $163 000-ს აღწევს. საინტერესოა ისიც, რომ suv-ის ელექტროვერსიის ღირებულება ბენზინზე მომუშავე მოდელის ფასს $13 000-ით აღემატება. ამ დროს კი, რეალურად, ე.წ. „ტრადიციული“ G550 მომხმარებლებში ბევრად დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Handelsblatt-ის ანგარიშით, აპრილის ბოლოსთვის - მოდელის გაშვებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ - კომპანიამ მხოლოდ 1 450 ერთეული გაყიდა. შედარებისთვის, ამ პერიოდში, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე სტანდარტული G-Class-ის 9 700 ეგზემპლარი გაიყიდა. დილერები მის წარუმატებლობაზე ლაპარაკს ღიად აგრძელებენ და მოდელს „კომერციულ კრახს“ უწოდებენ.