მოდიფიცირება, პორშე 911, პორშე, ფორდ მუსტანგი
Aa
Aa

ყველაზე უცნაური Mustang-ი, რომელიც ოდესმე გინახავთ, რეალურად Porsche 911-ია

თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიაში უხვად გვინახავს ისეთი მოდიფიცირებული პროექტები, რომლებიც რთულია რამენაირად მის თავდაპირველ სახეს დაუკავშირო. სწორედ ეს შემთხვევაა ალბათ ყველაზე უცნაური Mustang-ი, რომელიც რეალურად Porsche 911-ია.

თქვენ წინაშე 1966 წლის Ford Mustang-ისა და 2008 წლის Porsche 911-ის „ნაზავია“, რომლის შეძენაც ახლა 19 500 აშშ დოლარადაა შესაძლებელი. ერთი შეხედვით, ეს შესაძლოა ყველა ავტოენთუზიასტის „საოცნებო“ მანქანასაც ჰგავდეს, რადგან ის თავის თავში Porsche-ს მართვის გამოცდილებას, ინტერიერს და ძალიან საინტერესო ექსტერიერს აერთიანებს.

თუმცა სინამდვილეში, ამ მოდელის პროპორციები ბევრად უფრო მეტ კითხვას აჩენს. თუნდაც ის ფაქტი, რომ 911 თითქმის 7 სანტიმეტრით უფრო განიერია, ვიდრე Mustang-ი. ორი მანქანის ერთმანეთთან შესათავსებლად, მშენებელს წინა ბორბლების თაღები უკან უნდა გადაეწია, რამაც კუპეს წინა ნაწილი უჩვეულოდ დააგრძელა. რთული სათქმელია როგორ მოახერხეს ამ მოდელში გაგრილების სისტემის დამონტაჟებაც.

მაგრამ საერთო ჯამში, ეს ვერსია ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება. მაგალითად, საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია ინტერიერი, რომელიც თითქმის მთლიანად Porsche-ს მსგავსია, რაც დიდი პლიუსია. მანქანას მხოლოდ 85 000-მდე კილომეტრი აქვს გავლილი და ქარხნული ძრავა 380 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რომელიც ექვს სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით უკანა ბორბლებზე ნაწილდება.

ამჟამინდელი მფლობელის გულწრფელი შეფასებითვე, „ინტერიერს/წინა ნაწილს მნიშვნელოვანი სამუშაოები სჭირდება“, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავტომობილი შეკეთებას სრულად ექვემდებარება. რთულია იმის თქმა, რომ ეს მოდელი ამ ყველაფრის გათვალისწინებით კარგი შენაძენი იქნება, თუმცა თუ მძღოლს გზებზე ყურადღების მიპყრობა სურს, Mustang-ის 911 შესანიშნავი არჩევანია.

 

მსგავსი სიახლეები