კაბრიოლეტი, მერსედესი, მერსედეს ჯი-კლასი, მერსედეს ჯი-კლასი ჯი580
Aa
Aa

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს? | Mercedes-ი G-Class-ის კაბრიოლეტი ვერსიის წარსადგენად ემზადება

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო ნათქვამია და Mercedes-მა, როგორც ჩანს, მრავალი წლის შემდეგ ეს მიდგომა აირჩია. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული კომპანია თავისი საკულტო SUV-ის, G-Class-ის კაბრიოლეტი ვერსიის წარსადგენად ემზადება. მართალია, 2017 წელს Maybach-ის გიჟური ღია სახურავიანი ვერსია, Landaulet-ი ვიხილეთ, თუმცა ის მხოლოდ 99 ეგზემპლარად გამოვიდა. G-Class-ის კაბრიოლეტის შემთხვევაში კი, მხოლოდ ტუნერების იმედად თუ ვიყავით დარჩენილი.  

G-Class-ის დასაკეცსახურავიანი ვერსია პირდაპირ Magna Steyr-ის ქარხნიდან გამოდის, სწორედ იმ ქარხნიდან სადაც G იწარმოება. Mercedes-მა კაბრიოლეტის დაანონსებისთვის კი მხოლოდ ეს „ბუნდოვანი პოსტერი“ გამოიყენა. გერმანული ავტომწარმოებელი G-ის ოჯახის ახალი წევრის შესახებ დუმილს ინარჩუნებს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ახალი მოდელი მსოფლიოს თითქმის ყველა ბაზარზე, მათ შორის შეერთებულ შტატებში გაიყიდება.

თიზერში Landaulet-ის სტილის პროფილი ჩანს, სახურავის კიდეები კი უკანა მხარესაც გადადის. უნდა აღინიშნოს, რომ წინა თაობის სტანდარტულ G-Class Cabriolet-ს გაცილებით მოკლე სახურავი ჰქონდა. დიდი შანსია, რომ ახალ მოდელს უკანა კარებიც ექნება რაც ლოგიკურია, რადგან SUV-ის უახლესი ვერსია ექსკლუზიურად ოთხი კარით იყიდება.

თუმცა ნუ ელით, რომ ახალი G-Class Cabriolet ისეთივე ექსტრემალური იქნება, როგორც ძველი Landaulet-ი - თავისი მძლავრი, V12 ძრავით. შეხსენებისთვის, Mercedes-მა რამდენიმე წლის წინ G63 4x4² გამოუშვა თუმცა ის AMG გახლდათ, ახალი მოდელი კი Benz-ის ბრენდის ქვეშ იქნება წარმოდგენილი.

რეალურად, ეს მოდელი ჩვეულებრივი G550 უნდა იყოს, ოღონდ დასაკეცი ქსოვილის სახურავით. მაგრამ ამ ყველაფერზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, მითუმეტეს მხოლოდ ამ ბუნდოვან პოსტერზე დაყრდნობით.

მთავარი კი ისაა, რომ პრესრელიზში EQ with Technology არაა ნახსენები, რაც იმედს გვაძლევს, რომ კაბრიოლეტს Mercedes-ი არა ელექტრომობილზე, არამედ ტრადიციულ ბენზინზე მომუშავე მოდელზე დააფუძნებს. ეს კი ალბათ არც უნდა გამოვრიცხოთ, თუ EV-ის წარუმატებელ გაყიდვებს გავიხსენებთ. თუმცა მოდი ეს ვარაუდებიც მომავლისთვის გადავდოთ და ახალი G-ის ოფიციალურად წარდგენას დაველოდოთ.

 

მსგავსი სიახლეები