Tesla-მ Model 3-ისა და Model Y-ის ხელმისაწვდომი ვერსიები წარადგინა | თუმცა ისინი კვლავ ძვირია
ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ თავისი ყველაზე გაყიდვადი მოდელების, Model Y-ისა და Model 3-ის ხელმისაწვდომი ვერსიები გამოუშვა. თუმცა ზოგი თვლის, რომ ეს შედარებით „იაფი“ ალტერნატივებიც საკმაოდ ძვირია იმისთვის, რომ Tesla-მ ახალი კლასის მყიდველები მოიზიდოს.
ახალი ელექტრომობილების ფასები, Model 3-ისთვის $36 990-დან, ხოლო Model Y-ისთვის $39 990-დან იწყება. ორივე მოდელი ერთი ძრავითაა აღჭურვილი და უკანაამძრავია. ასევე შემცირებული სიმძლავრის ბატარეის პაკეტი, რომელიც მხოლოდ 69 კვტ/სთ-ით შემოიფარგლება.
ელექტრომობილები ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 515 კილომეტრს ფარავენ, ხოლო 0-დან 100-მდე აჩქარებას 5.8 წამი და 6.8 წამი სჭირდება - შესაბამისად, Model 3-ისა და Model Y-ისთვის. მაქსიმალური სიჩქარე კი უცვლელი დარჩა და 200 კმ/სთ-ს აღწევს.
თუმცა ფასების შესამცირებლად, Tesla-ს კიდევ უფრო მეტ დათმობაზე წასვლაც დასჭირდა. მათ შორის შეამცირა დინამიკების რაოდენობა, მანქანებში ვერც გათბობად ან ვენტილირებად სავარძლებს და ვერც სენსორულ უკანა ეკრანებს ვხვდებით. Model Y-ის შემთხვევაში სრულად მოიხსნა შუშის სახურავი და მყარი ვერსიით ჩანაცვლდა, ხოლო Model 3-ს პანორამული მინები დარჩა.
ვიზუალურ ცვლილებებში შედის უფრო პატარა 18-ინჩიანი საბურავებიც - ნაცრისფერ, თეთრ და შავ ფერებში - გამარტივებული ინტერიერი და ტექსტილის სავარძლები. ცნობისთვის, ელექტრომობილისთვის თეთრი და შავი საბურავების შერჩევა, დამატებით $1 000 და 1.5 ათასი ჯდება.
ყველაზე გაყიდვადი მოდელების ხელმისაწვდომი ვერსიების გამოშვება, ევროპასა და ჩინეთში მზარდ კონკურენციას და გაყიდვების კლებას უკაშირდება. თუმცა ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსგავსი ღირებულებითაც კი, Tesla-ს ამ ბაზრების დაბრუნება გაუჭირდება, რადგან 30+ ათასიანი შეფასება ხელმისაწვდომ საფასო კატეგორიაში არ განიხილება.