1 000 ცხენის ძალა და უნიკალური ჟღერადობა | Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი
Ferrari-მ თავისი პირველი ელექტრომობილის, კოდური სახელწოდებით Elettrica-ს, შესახებ რამდენიმე ძირითადი დეტალი გაამხილა. როგორც იტალიელებისგან შევიტყვეთ, EV-ის წარმოება 2026 წელს დაიწყება და ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილს 986 ცხელის ძალის სიმძლავრე ექნება. თუმცა ეს ყველაფერი არაა...
ავტომწარმოებელი თავის პირველ ელექტრომობილში დახვეწილი ძარის ტექნოლოგიას, გაძლიერებულ ელექტროხმასა და მაღალი მოცულობის ბატარეის პაკეტსაც შემოგვთავაზებს. ამ უკანასკნელის საშუალებით, Elettrica ერთი დამუხტვით 530 კილომეტრზე მეტის დაფარვას შეძლებს. ელექტრომობილის ყველა ძირითადი კომპონენტი კომპანიის მიერაა შემუშავებული და წარმოებული, რაც „შეუდარებელი დონის წარმადობას“ უზრუნველყოფს.
ძრავა ოთხი ელექტროძრავისგან შედგება - წინა ელექტრონული ღერძი F80-ის ჰიპერქარიდან არის აღებული, რომელიც 282 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო უკანა დამატებით 831 ცხენის ძალას. ამასთან ერთად ავტომობილს სამი მართვის რეჟიმი ექნება: Range, Tour და Performance. ოფიციალური მახასიათებლების მიხედვით, 0-დან 100-მდე აჩქარებას 2.5 წამი უნდა დასჭირდეს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს ავტომობილი 310 კმ/სთ-ზე მიაღწევს.
თავისი პირველი ელექტრომობილის ძარის შესახებ, ავტომწარმოებელს სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია. თუმცა, ადრე გავრცელებული ჯაშუშური ფოტოები ოთხკარიან, ოთხადგილიან გრანდ ტურერზე მიგვანიშნებს.
Elettrica-ს კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი მისი ხმა იქნება. ICE-ზე მომუშავე მოდელების იმიტაციის ნაცვლად, Ferrari-მ სხვა მიდგომა აირჩია. სპეციალური სენსორი ელექტროძრავის მექანიკურ ვიბრაციებს აფიქსირებს, რომლებიც შემდეგ უნიკალური სმენითი უკუკავშირისთვის ძლიერდება.
იტალიური ელექტრომობილის მსოფლიო დებიუტი 2026 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. თუმცა, Ferrari ინტერიერის დიზაინის მიმოხილვას მომდევნი წლის დასაწყისშივე წარგვიდგენს. ელექტრომობილის წარმოება მარანელოში, ახალ „E-Building“-ის ქარხანაში დაიწყება.