მოთხოვნის კლების გამო, Toyota-მ EV ბატარეების ქარხნის აშენება გადადო
2025 წელს უკვე მეორედ, Toyota-მ ფუკუოკას პრეფექტურაში ელექტრომობილების ბატარეების ქარხნის მშენებლობა გადადო. შეიძლება ითქვას, ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ EV ტალღას იაპონური ავტომწარმოებელი დიდი სიფრთხილით ეკიდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტოიოტას ელექტრომობილების გაყიდვები შენელდა, ბრენდი ქარხნის მშენებლობას აუცილებლად დაასრულებს. ტერიტორიაში, რომელზეც საწარმო უნდა აშენდეს, ავტომწარმოებელმა 6 მილიარდი იენი (39 მილიონი დოლარი) გადაიხადა.
თავდაპირველი გეგმით, ქარხანა ექსპლუატაციაში 2028 წლის დასაწყისში უნდა შესულიყო, თუმცა როგორც ფუკუოკას გუბერნატორისა და ტოიოტას პრეზიდენტის განცხადებებიდან ვიგებთ, ეს თარიღი შეიცვლება. როგორც აღინიშნა, მშენებლობის გადადება შენელებულ გაყიდვებს ეხმიანება — ელექტრომობილების გაყიდვის გლობალური მაჩვენებელი მოლოდინებს 10%-ით ჩამორჩა. ამ ინფორმაციამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ — პროგნოზს ჩამორჩენა არ ნიშნავს გაყიდვების კლებას — კომპანიამ 2025 წლის პირველ 9 თვეში გასულ წელზე 20.6%-ით მეტი, 117031 ელექტრომობილი გაყიდა.
თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ Toyota შორეულ გეგმებს მცირე წარუმატებლობის გამო შეცვლის — კომპანია 2026 წელს 1.5 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას პროგნოზირებს. 
ბაზრის ზრდასთან ერთად, ცხადია წარმოებაში მეტი ინვესტიცია ჩაიდება — 2027 წლისთვის ჩინეთში, შანხაიში, ელექტრომობილების ახალი ქარხანა გაიხსნება, რომელიც Lexus-ის მოდელების წარმოებაზე იქნება ფოკუსირებული. ახალ ჩინურ ქარხანაში წლების წინ დაანონსებული Lexus LF-ZC და LF-ZL იწარმოება.
შესაბამისად, რთულია იმის თქმა, რომ კომპანიას პრობლემები აქვს — ეს უფრო სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ვიდრე უკან დახევა, რადგან ქარხანა მაშინ უნდა აშენდეს, როცა მისი სრული დატვირთვით მუშაობა იქნება საჭირო და არა უსაქმოდ მოცდენა.