ჩინურმა ელექტრომობილებმა გაყიდვებით Tesla-ს სამხრეთ ამერიკის ბაზარზეც გადაასწრეს
Tesla-მ ელექტრომობილების ყველაზე გაყიდვადი მწარმოებლის გვირგვინი კიდევ ერთ კონტინენტზე დაკარგა — ამერიკული ბრენდის მოდელები ჩინური ავტომწარმოებლების მოდელებს უკვე სამხრეთ ამერიკაშიც ჩამორჩნენ.
წარსულში Tesla-ს მიერ დომინირებული ბაზრების დაპყრობა ჩინელებმა მარტივად, დაბალი ფასების ხარჯზე შეძლეს — საშუალოდ, ჩინური ელექტრომობილი ამერიკულ „კოლეგაზე“ 40%-ით იაფია. 
ამას ემატება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სამხრეთამერიკულ ქვეყნებში ახორციელებს — მაგალითად, პერუში მცირე ხნის წინ მეგა-პორტი აშენდა, რომელიც რეგიონში ჩინური მწარმოებლებისთვის, ფაქტობრივად, ღია კარიბჭეა.
რას ნიშნავს ეს ტესლასთვის?
ტენდენცია საგანგაშო მხოლოდ Tesla-სთვის არ არის. პოპულარობას არამხოლოდ ჩინური ელექტრომობილები, არამედ ჰიბრიდებიც იძენენენ.
მხოლოდ პერუში, წელს ჩინეთში წარმოებული 7256 ჰიბრიდული და სრულად ელექტრო ავტომობილი გაიყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 44%-იანი ზრდაა.
მას შემდეგ, რაც ლიმას მახლობლად ჩანკაის პორტი გაიხსნა, ჩინეთიდან ავტომობილის ჩამოსვლის დრო, ფაქტობრივად, განახევრდა. პერუს დედაქალაქში BYD-მა 3 სადილერო უკვე გახსნა და ცოტა ხანში მეოთხეს გახსნაც იგეგმება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 10-10 სადილეროს ფლობენ Chery და Geely-ც. და გაითვალისწინეთ, რომ პერუ ერთადერთი სამხრეთამერიკული ქვეყანა არ არის, სადაც ეს ვითარებაა. 
ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ეკვადორსა და ურუგვაიში ელექტრომობილების გაყიდვებს BYD ერთპიროვნულად ლიდერობს, ახლა კი ამავეს გამეორებას არგენტინაში აპირებს. ურუგვაის საავტომობილო ბაზრის 22%-ს სწორედ ჩინეთში წარმოებული ავტომობილები იკავებენ.
როგორც ჩანს, BYD ოცნებების აშენებას მართლაც აპირებს (BYD სწორედ Build Your Dreams-ის აბრევიატურაა) ამბიციურ გეგმებს არ უფრთხის. მცირე ხნის წინ, Tesla-ს დომინაცია ჩინურმა მწარმოებელმა გაერთიანებულ სამეფოში დაამხო.