აბუ-დაბის რობოტაქსი სრულად ავტონომიური Mercedes S-Class იქნება
2025 წლის პირველ ნახევარში, Nvidia-მ გაამხილა, რომ Mercedes ავტონომიურ S-Class-ზე მუშაობდა, რომელიც უნიკალური, მე-4 დონის ავტონომიურობის გამოცდილება იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ შორს არის, გერმანულმა ავტომწარმოებელმა ამჯერად წარადგინა პროექტი, რომელიც აღნიშნულ გზაზე პროგრესს ნამდვილად აჩვენებს.
Momenta-სთან კოლაბორაციაში, კომპანია ავტონომიური რობოტაქსების გამოცდას დაიწყებს — პროექტი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განხორციელდება და მას ადგილზე მხარს Lumo დაუჭერს. წარმატების შემთხვევაში კი ავტონომიური ეს-კლასების ოპერირების ზონა გაფართოვდება. 
თავად ავტომწარმოებელი მდიდრული რობოტაქსის ტექნიკურ დეტალებზე არაფერს ამბობს, თუმცა კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, იორგ ბურცერმა განაცხადა, რომ თვითმართვადი S-Class-ი ავტონომიური მანქანების თამასას მაღლა აწევს და ინდუსტრიას ჭკვიანი ტრანსპორტის წარმოებაში სტანდარტებს დაუწესებს.
ფოტოები, რომლებიც გავრცელდა, ტექნიკურ მონაცემებზე საუბრის საშუალებას არ იძლევა, თუმცა თვალშისაცემია ლაზერული სენსორი, რომელიც რობოტაქსის სახურავზეა დამონტაჟებული. მასთან ერთად კომბინაციაში კი, სავარაუდოდ, რობოტაქსის უსაფრთხო სვლას სარკეებსა და წინა ფრთებზე დამონტაჟებული სენსორები უზრუნველყოფენ. 

ოქტომბრის ბოლოს გავიგეთ ისიც, რომ მერსედესი აქტიურად თანამშრომლობს Nvidia-სთან, რათა ტექნოლოგიების გიგანტთან ერთად თავის შეიმუშაოს პლატფორმა, რომლითაც თვითმართვადი ავტომობილები იქნებიან აღჭურვილი. Nvidia Drive AGX Hyperion 10 სისტემაა, რომლის ოპერირებაშიც ჩართულია მაღალი გარჩევადობის 14 კამერა, 12 ულტრაბგერითი სენსორი და 9 რადარი. Nvidia Drive AV საშუალებას მისცემს განსხვავებული ინტერესების მქონე ავტომწარმოებლებს, რომ ტექნოლოგია საკუთარ სურვილებს მოარგონ — როგორც კომერციული, ისე სამომხმარებლო მანქანების საწარმოებლად.
ასევე იხილეთ: ავტონომიური მანქანები უკვე აქ არიან — იხილეთ Mercedes-ისა და Stellantis-ის პროექტები
შეგახსენებთ, რომ Mercedes მე-3 დონის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიას მომხმარებელს უკვე სთავაზობს და ამასთანავე, პირველი საერთაშორისო ავტომწარმოებელია, რომელმაც მე-4 დონის ავტონომიური ტექნოლოგიის პეკინში გამოცდის უფლება მიიღო.