უნიკალური Porsche 911 GT3, რომელიც მხოლოდ 90 ეგზემპლარად გამოვა
ფერდინანდ ალექსანდერ პორშემ ძმასთან, ჰანს-პიტერთან ერთად, 1972 წელს Porsche Design დააარსსა. 2012 წელს ფერდინანდი გარდაიცვალა, ახლა კი გერმანული კომპანია მისი დაბადებიდან 90 წლისთავს აღნიშნავს.
ამ მოვლენის აღსანიშნავად, კომპანიის Sonderwunsch გუნდმა, რომელიც შეზღუდული რაოდენობის მოდელებზე მუშაობს, სწორედ ასეთი 911 GT3 90 F.A. Porsche გამოუშვა. ავტომობილის დიზაინის შექმნაში ფერდინანდის ყველაზე უმცროსი შვილი, მარკი, მონაწილეობდა. 
მოდელი Touring Package-ის მქონე 911 GT3-ზეა დაფუძნებული და Green Metallic ფერშია გადაწყვეტილი — შემთხვევითი არც ესაა — ფერი მიმსგავსებულია Oak Green Metallic-ს, რა ფერადაც თავად ფერდინანდის საყვარელი 911 იყო შეღებილი.
უნიკალურია ავტომობილის ინტერიერიც, რომელიც სპეციალური ტყავითაა (Truffle Brown Club leather) გაფორმებული. სალონში შეხვდებით მდიდრულ Sport Chrono საათსაც, რომლის ინსპირაციაც ასევე ფერდინანდ ალექსანდერ პორშეს 911-ში დამონტაჟებული უნიკალური საათიდანაა აღებული. კაკლის ხით გაფორმებული სიჩქარეთა გადამრთველი კი თითქოს, წარსულში გვამოგზაურებს და ინტერიერის სხვა დეტალებთან ულამაზეს კომბინაციას ქმნის. 

ხელსაწყოთა პანელთან შეხვდებით მოოქროვილ ფირფიტასაც, რომელზეც პირველი Porsche 911-ია გამოსახული, ფერდინანდ პორშეს ხელმოწერასთან და ავტომობილის უნიკალურობის დამადასტურებელ წარწერასთან ერთად — ფირფიტაზე წერია, რომ ეს მანქანა 90-დან ერთ-ერთია.
კაპოტის ქვეშ სტანდარტული მოდელისათვის დამახასიათებელი 4.0-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავა დაგხვდებათ, რომელიც 502 ცხენის ძალასა და 448 ნიუტონ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, იმას, ავტომატური იქნება ის თუ მექანიკური, თავად მყიდველი გადაწყვეტს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 311 კმ/სთ იქნება და 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 911 GT3 F.A Porsche 3.2 წამს მოანდომებს. 
ავტომობილი 387 000$ ეღირება და, როგორც აღინიშნა, მის მხოლოდ 90 ეგზემპლარს ვიხილავთ. ან, შეიძლება ითქვას, 89-ს, რადგან ერთი სპეციალურად მარკ პორშესთვის გადაინახეს.
წარმოება 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება და თითოეული მყიდველი კომპანიის წარმომადგენელს პირადად გაესაუბრება, რათა მისი ავტომობილი სრულად პერსონალიზებული იყოს. ბონუსად, ისინი Weekender-ის სპეციალურ სამგზავრო ჩანთასა და Chronograph 1-ის ექსკლუზიურ საათს მიიღებენ. ქრონოგრაფით პორშე განსაკუთრებით ამაყობს — საათს ტიტანის კორპუსი და სამაჯური აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ავტომობილის მყიდველი უკმაყოფილო არ დარჩება... 