ეს განსაცვიფრებელი 911 Porsche-ს ლეგენდის პატივსაცემად შეიქმნა
ფერდინანდ ალექსანდრ პორშე გერმანული ავტომწარმოებლისთვის ლეგენდაა. მას 911-ის მამადაც მოიხსენიებენ. მის სახელს ისეთი საკულტო მოდელების გაცოცხლება უკავშირდება, როგორებიცაა 904 Carrera GTS და Formula 1-ის 804. რამდენიმე დღის წინ, მას 90 წელი უნდა შესრულებოდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად, Porsche-მ სპეციალური მოდელი გამოუშვა.
გაიცანით 911 GT3 F.A. Porsche, რომელიც G-Body 911-ითაა შთაგონებული. სწორედ იმ მოდელით, რომელსაც 80-იან წლებში ფერდინანდი მართავდა. 911-ისთვის სპეციალური მეტალის ფერის F.A. Green-ი შეირჩა - ამ მოდელის კლასიკური მწვანის თანამედროვე ვერსია. ინტერიერი უნიკალური ქსოვილითაა მორთული, სახელწოდებით F.A. Grid-Weave - კლასიკური houndstooth-ის ახალი ინტერპრეტაცია - ხოლო გადაცემათა კოლოფის სახელური ხისაა.

ეს GT3 ასევე პირველი და ერთადერთი მოდელია, რომელიც Porsche-ს კლასიკური გერბის მქონე Sport Classic-ის ელეგანტურ დისკებზე დგას. კარის თითოეულ პანელზე დატანილი რიცხვი „72“ კი, ფერდინანდის მიერ Porsche Design-ის დაარსების წელზე მიუთითებს. ხოლო კარის გამოღებისას, სპეციალური ოქროსფერი ნიშანი, „90“-იც ნათდება.

შექმნილი ავტომობილებიდან ერთ-ერთი ფერდინანდის შვილს, მარკ პორშეს გადაეცემა. ამ უკანასკნელმა პროექტის განხორციელებაშიც დიდი როლი ითამაშა. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს განსაკუთრებული 911 მამასაც ძალიან მოეწონებოდა. ამ საინტერესო პროექტში, ბევრი დეტალი, მისი გემოვნების მიხედვითაა შექმნილი“, - თქვა პორშემ.
F.A. მოდელი 911 GT3-ზე Touring-ის პაკეტითაა წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ მოდელი 4-ლიტრიანი ატმოსფერული ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი. შედეგად, ავტომობილი 502 ცხენის ძალას და 450 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავა 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება, რომელიც სიმძლავრეს უკანა ბორბლებს გადასცემს.


Porsche ამ მოდელის მხოლოდ 90 ეგზემპლარს შექმნის. ღირებულება 387 000 აშშ დოლარია, საკომისიოების გარეშე. თითოეულ ავტომობილს შესაბამისი Chronograph 1-ის საათი და Weekender-ის სამგზავრო ჩანთა მოჰყვება.