Volvo მძღოლების უსაფრთხოებაზე ზრუნვას აგრძელებს | კომპანიამ საკუთარი ფონტი შექმნა
Volvo და უსაფრთხოება ავტომშენებლობის სამყაროში, ფაქტობრივად, სინონიმებია. მაგალითად, სწორედ შვედურმა ავტომწარმოებელმა გამოიგონა თავის დროზე სამწერტილიანი უსაფრთხოების ღვედი და ის სხვა კომპანიებისთვისაც გახადა ხელმისაწვდომი — მას შემდეგ კი ეს ნიშა აქტიურად დაიჭირა და მთელი მისი იდენტობა მძღოლის უსაფრთხოებასთან ასოცირდა.
ამჯერად, ვოლვო ავტომობილების ინტერიერში დამონტაჟებული ეკრანიდან მომავალი საფრთხის გაუვნებლებაზე მუშაობს — რა, გგონიათ უკეთესი ტექნოლოგიისა და მეტი ღილაკის გამოყენებაზე ვსაუბრობთ? არაფერიც, კომპანიამ ახალი ფონტი შექმნა.
კომპანიის მიზანია, რომ მისი ავტომობილების მულტიმედიის მონიტორზე გამოჩენილი წარწერები მარტივად წასაკითხი იყოს — განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტომობილს მართავთ. 
ახალი ფონტის სახელი Volvo Centum-ია — სახელწოდება მოახლოებულ 2027 წელს უკავშირდება, რომელიც კომპანიის დაარსების 100 წლისთავი იქნება. Dalton Maag-თან კოლაბორაციაში შექმნილი ფონტის დებიუტი 2026 წლის EX60-ში შედგება.
Dezeen-თან საუბარში, Volvo-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ახალი უნიკოდი პირდაპირაა მორგებული თვალის მოძრაობაზე, რათა მძღოლის ყურადღება სხვამ არაფერმა გაფანტოს, როცა ის მონიტორზე ტექსტის წაკითხვას ცდილობს. კომპანიამ ზედმეტი გრაფიკული გამოსახულებები და ვიზუალური საშუალებები ამოიღო — ასე უფრო მეტად იქნებით ფოკუსირებული იმაზე, რაზეც უნდა იყოთ.
„თითოეული არჩევანი დიზაინში — ფორმა, სისქე, პროპორცია — გაკეთებულია იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს უფრო სწრაფად კითხვასა და გაგებაში, რათა ყურადღება შეინარჩუნონ“, — განაცხადა Dalton Maag-ის ფონტების დეველოპერმა, პაბლო ბოშმა.
შესაძლოა, სულელურად ჟღერს, თუმცა მეტად წაკითხვად ფონტს საგზაო უსაფრთხოებასთან კავშირი მართლაც აქვს. AAA-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მძღოლები, საშუალოდ, მართვისას ეკრანს 18-40 წამის განმავლობაში უყურებენ. თუ სასურველი ფუნქციის მიგნება გამარტივდება, ეს დრო, თავისთავად, შემცირდება. 
რა თქმა უნდა, არსებობს უფრო მარტივი გადაწყვეტაც — დააბრუნეთ ღილაკები!
კვლევების მიხედვით, მძღოლების მნიშვნელოვან ნაწილს ავტომობილის ინტერიერში სენსორული ტექნოლოგიის დომინაცია აღიზიანებს — შესაბამისად, არაერთი ავტომწარმოებელი ღილაკებს სალონში აბრუნებს. შესაბამისად, მომავალში Hyndai-ს, Porsche-სა და Volkswagen-ის (ვინ იცის, იქნებ სხვებაც მიჰბაძონ) მოდელებში მხოლოდ სენსორული მონიტორები აღარ დაგხვდებათ.
მოკლედ, სამყაროში, რომელშიც ყველა საკუთარ თავზე ზრუნავს, Volvo მომხმარებლის უსაფრთხოებას უფრთხილდება.