ბრიტანეთში გაყიდული ყოველი მე-10 ავტომობილი ჩინურია
2025 წელი დასრულდა და საავტომობილო ბაზრის ტენდენციებზე უკვე გასული წლის სრული სურათით შეიძლება მსჯელობა. ამჯერად, საინტერესო ვითარებაა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე — The Guardian-ის ცნობით, ჩინურმა ავტომწარმოებლებმა 2025 წელს გაერთიანებულ სამეფოში 200 000 ახალი ავტომობილი გაყიდეს.
ლომის წილი აღნიშნულ წარმატებაში სამ კომპანიას: MG-ს, BYD-სა და Chery-ს ეკუთვნით. აღსანიშნავია, რომ ჩინური ავტომობილების პოპულარობის ზრდასთან ერთად, დაეცა მოთხოვნა იაპონურ მანქანებზე. MG-მ (ჩინური SAIC-ის საკუთრებაში) 2025 წელს აღნიშნულ ბაზარზე 70 000-ზე მეტი მანქანა გაყიდა და 2024 წლის მაღალი ტემპი შეინარჩუნა. BYD 40 000 ავტომობილით შემოიფარგლა, თუმცა 2024 წლის 9000-თან შედარებით, ეს 300%-ზე დიდი ზრდაა. 
სამეულს მიღმა საკმაოდ პოპულარულები არიან Jaecoo, Polestar და Leapmotor, რომლებმაც 10 000-იან ნიშნულებს გადააჭარბეს.
ბრიტანული მედიასაშუალების ცნობით, ჩინური ავტომობილების გაყიდვებს ხელი ვერ შეუშალა, ფაქტობრივად, მთელი ევროპის ტერიტორიაზე შემოღებულმა ტარიფებმა. ადგილობრივი ავტომწარმოებლების დასაცავად ევროკავშირის კანონმდებლებმა ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები დააწესეს, თუმცა ეს ტარიფები ჰიბრიდულ ან შიგაწვისძრავიან მოდელებს არ შეხებია, შესაბამისად, მოთხოვნამ, შემცირების ნაცვლად, მხოლოდ სეგმენტი იცვალა. 

გაერთიანებული სამეფოს ვითარება ოდნავ განსხვავებულია — ბრექსიტის შემდეგ, ქვეყანა კავშირის წევრი აღარ არის და, გარდა ამისა, აქ არც რომელიმე დიდი ავტომწარმოებელი შემორჩა, რომლის დაცვაც აუცილებელია, ამიტომ ბაზარი ჩინური პროდუქტისთვის სრულად ღიაა.
„პოპულარული ადგილობრივი ბრენდების სიმცირის გათვალისწინებით, ბრიტანელი მომხმარებელი ვერ იქნება ჩართული ე.წ პატრიოტულ შესყიდვაში. გერმანიასა და საფრანგეთში საავტომობილო ბაზრის ნახევარს ადგილობრივი ბრენდები აკონტროლებენ, ჩინეთში კი ეს რიცხვი, საერთოდაც, ბაზრის 2/3-ს შეადგენს“, — განაცხადა ანალიტიკოსმა მათიას შმიდტმა.