BYD-ის ახალ სედანს 1287 ცხ.ძ ექნება და ერთი დამუხტვით 1000კმ-ს გაივლის
BYD მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ელექტრომობილების სეგმენტში ერთ-ერთ ლიდერად საკმაოდ დიდი ტემპებით ყალიბდება. 2025 წელი ჩინური მწარმოებლისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, რადგან მთავარ კონკურენტს, Tesla-ს, მსოფლიოს არაერთ ბაზარზე დამაჯერებლად აჯობა.
როგორც ჩანს, გამარჯვებათა სერია გაგრძელდება ახალი Yangwang U7-თაც, რომელიც ქაღალდზე მდიდრული სედანია, თუმცა სუპერქარის პერფორმანსს გვპირდება. 
განახლებულ Yangwang U7-ში მთავარი სიახლე მისი ბატარეაა, რომელიც კიდევ უფრო მძლავრია. მოდელის თავდაპირველი ვერსია 2025 წლის მაისიდანაა ხელმისაწვდომი როგორც სრულად ელექტრო, ისე დამუხტვადი ჰიბრიდის სახით.
ჩინეთის ინდუსტრიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის სამინისტროს (MIIT) მიხედვით, ავტომობილის გამოცდამ დაადასტურა, რომ Yangwang განახლებული ბატარეის ერთი დამუხტვით, დაახლოებით 1000 კმ-ის გავლას შეძლებს, ხოლო შედარებით ბიუჯეტური ვარიანტი 800კმ-ს გაივლის.
BYD-ის წარმატებული წელი
ჩინური ავტოწარმოების გიგანტმა Tesla-ს გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკაში აჯობა, თუმცა აშშ-ში ამ სურათის გამეორებას, სავარაუდოდ, ახლო მომავალში ვერ ვიხილავთ, რადგან ამერიკულ ბაზარზე დომინირებისგან BYD-ს იქ გამეფებული ტარიფები შეაკავებს.
იმისათვის, რომ შტატებში ჩინური ელექტრომობილი შეიყვანოთ, არაერთი საკანონმდებლო და საგადასახადო ბარიერის გადალახვა მოგიწევთ, რაც, საბოლოოდ, მყიდველს Tesla-სკენ უბიძგებს, ვინაიდან წარმატების მთავარ ფაქტორად, ჯერჯერობით, მაინც ჩინური ელექტრომობილების დაბალი ფასი სახელდება. 
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ BYD-ის წარმოებაც მოთხოვნის მსგავსად ფართოვდება. კომპანია ჩინეთში აშენებს ახალ ქარხანას, რომელიც მთლიანი სან-ფრანცისკოს ფართობზე დიდი იქნება. ამ ქარხნის გახსნამდე ჯერ ისევ შორია, თუმცა Build Your Dream-ი ოცნებების შენებას, როგორც ჩანს, სერიოზულად აპირებს.