ელექტრომობილი, ჰონდა, სონი, სონი ჰონდა მობილითი
Aa
Aa

Sony და Honda ერთობლივ SUV-ს უშვებენ | რა ვიცით ახალ მოდელზე?

ერთ-ერთი პირველი კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც 2026 წელს ვიხილეთ, ისეთი ბრენდის პროდუქტია, რომლის არსებობის შესახებაც, შესაძლოა, ბევრს არაფერი გსმენიათ. თუმცა Afeela-ს შესახებ ჩვენ რამდენიმე თვის წინაც დავწერეთ და შეგახსენებთ, რომ ეს ელექტრომობილი ორი იაპონური გიგანტის მიერ დაარსებულ საწარმოს, Sony Honda Mobility-ს ეკუთვნის.

საწარმოს დასახელება თავადვე მიანიშნებს, რომ საუბარი Honda-სა და Sony-ზე გვაქვს. ეს ორი კომპანია კი, ერთობლივი საწარმოს საშუალებით, ახლა უკვე მაღალი კლასის ელექტრომობილების სეგმენტში გეგმავს ფეხის მოკიდებას.

მიუხედავად იმისა, რომ Afeela 1 სედანის მიწოდება წლის ბოლომდე არ დაიწყება, უკვე არსებობს ამ მოდელის SUV ვერსია, რომელიც ფართო საზოგადოებამ გასულ უქმეებზე, ლას-ვეგასში CES-ის ღონისძიებაზე პროტოტიპის სახით იხილა. ეს უკანასკნელი ბაზარზე 2028 წელს გამოჩნდება, საწყის ეტაპზე კი, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. მისი სილუეტი 2018 წლის Mercedes-Maybach Ultimate Luxury-ს მოგვაგონებს, თუმცა ბოლომდე ამ მოდელთან მიმსგავსებაც არასწორი იქნება.

ასევე იხილეთ: ჯერ არ გამოუშვიათ და უკვე $400 მილიონი იზარალა | ეს Sony-ისა და Honda-ს ახალი ელექტრომობილია

სავარაუდოდ, SUV-ის სტილიც Sony Honda Mobility-ის მიერ უკვე დაანონსებულ სედანთან მიახლოებული იქნება. ის ასევე ძალიან ჰგავს Sony-ს მიერ 2022 წელს CES-ზე წარმოდგენილ Vision-S 02-ის კონცეპტს.

ტექნიკური მახასიათებლები საიდუმლოებებითაა მოცული და გამომდინარე იქიდან, რომ სერიული მოდელის გამოშვებას სულ მცირე რამდენიმე წელი დასჭირდება, ფასებზე ინფორმაციაც არ გვაქვს. აქვე გეტყვით, რომ სედანის შემთხვევაში, საწყისი ფასი 89 900 აშშ დოლარი იქნება, თუმცა ეს მოდელი, გამოშვებამდეც კი, ფინანსურ ზარალად განიხილება.

ამის მიუხედავად, არაა გამორიცხული, რომ ფირმამ, ავტომობილის გაყიდვაში ჩაშვების შემდეგ იმ თანხის სულ მცირე ამოღება მაინც შეძლოს, რაც კომპანიებმა ელექტრომობილში დააბანდეს. კარგ შემთხვევაში კი, მოგებაზე გავიდეს.

 

მსგავსი სიახლეები