სუპერქარი, პორშე 911, პორშე
Aa
Aa

Porsche-ს ყველაზე ექსტრემალური 911 | რა ვიცით უახლეს სუპერქარზე?

სპორტული ავტომობილები და თოვლი, როგორც წესი, ცუდი კომბინაციაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას ხელი არ შეუშლია Porsche-სთვის, რომ თავისი განახლებული 911 GT3 RS ზამთრის ცივ ამინდებშიც გამოეცადა. პროტოტიპი შეუმჩნეველი არავის დარჩენია და მისი ფოტოები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში.

განახლებულ მოდელს, რომელიც, რა თქმა უნდა, ტესტირებისას შენიღბულია, აგრესიული წინა ბამპერი აქვს — გამოკვეთილი ჰაერის შემშვები მილებით. ამას ემატება განახლებული კაპოტი, რომელსაც, როგორც ჩანს, ოპტიმიზებული ვენტილაციის მილები აქვს. ცვლილებები ამით არ მთავრდება, რადგან განახლებულ 911-ში მარტივად შესამჩნევია შეცვლილი მაშუქებიც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი შეხედვით ნაცნობად გვეჩვენება, უფრო დეტალური დათვალიერებისას განსხვავებები ბევრად თვალშისაცემი ხდება. მაგალითად, დღის განათება ახლა განათებული წრიული ზოლით არის დაკავშირებული.

მიუხედავად იმისა, რომ 911-ის პროფილი, როგორც ჩანს, ძირითადად ძველ სტილზეა დარჩენილი, უკანა მხარეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. მათ შორის არის ახალი უკანა ფრთა, რომელსაც ორის ნაცვლად სამი ზოლი აქვს. სანომრე ნიშნის ჩაღრმავების ზემოთ, შუაში დამონტაჟებული ახალი ვენტილაციაც დაგხვდებათ; ასევე, სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ ახალ ბამპერსაც, თუმცა ის ფოტოებში შენიღბულია. ასევე ჩანს ახალი დიფუზორი და დამონტაჟებული ორმაგი გამონაბოლქვი სისტემა. საინტერესოა, რომ დიფუზორს გარე კიდეებზე გამონაბოლქვის მსგავსი ჭრილები აქვს.

ფოტოგრაფები ავტომობილთან საკმარისად ახლოს ვერ მივიდნენ, რათა ახალი 911-ის ინტერიერი გადაეღოთ. თუმცა, არსებული ვარაუდებით, აქაც რამდენიმე სიახლეს უნდა ველოდოთ. მაგალითად, საუბარია ინფორმაციულ-გასართობ სისტემაზე, რომელიც უფრო სწრაფ რეაგირებასა და მესამე მხარის აპლიკაციების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ასევე, შესაძლოა ვიხილოთ შეცვლილი სავარძლები და საჭის გაფორმება.

რაც შეეხება განახლებული 911-ის შესაძლებლობებს, Porsche-ს ამის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს. ვრცელდება ჭორები ტურბოძრავის შესაძლო გამოყენებაზე, რაც მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ტურბოძრავა, როგორც წესი, GT2 RS-ისთვისაა განკუთვნილი.

შედარებისთვის: ამჟამინდელი თაობის 911 GT3 RS-ის ფასი 250 000 აშშ დოლარიდან იწყება. იგი აღჭურვილია მაღალბრუნიანი, ატმოსფერული 4-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავით, რომელიც 518 ცხენის ძალასა და 465 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ის შვიდსიჩქარიან PDK გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული, რომლის საშუალებითაც 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 3,2 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს — 296 კმ/სთ-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები