ნისანი Xterra-სა და ჩარჩოიანი ძარის მქონე Pathfinder-ს დააბრუნებს
მცირე ხნის წინ, Nissan-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებლმა დირექტორმა, ივან ესპინოზამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ნისანი დაბრუნდა“ — როგორც ჩანს, ეს უაზროდ წამოსროლილი სიტყვები არ იყო და იაპონური ავტომწარმოებელი მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოგვთავაზებს.
Auto News-ის ცნობით, ავტომობილების დილერების ჩრდილოეთამერიკულ შოუზე (NADA), კომპანიამ დილერებს ახალი Xterra და ჩარჩოიანი ძარის მქონე ავტომობილები აჩვენა. Xterra, წინასწარი ცნობებით, 2028 წლის მე-2 ნახევარში გამოჩნდება და მას მალევე მოჰყვება Infiniti-ს ვარიანტი, ასევე პიკაპი Frontier-ი, ჩარჩოიანი ძარის მქონე Pathfinder-ი და Infiniti QX60.
ასევე იხილეთ: Nissan-ის ახალი CEO-ს განცხადებით, ახალ მოდელებში წარსულის ელემენტებს უფრო ხშირად ვიხილავთ
ხუთივე მოდელი საერთო პლატფორმას დაეყრდნობა და აშშ-ში აიწყობა — ამის მიზეზი ტარიფების თავიდან არიდება და წარმოების ხარჯების დაწევაა. ასევე, დადასტურდა ისიც, რომ Xterra ელექტრიფიცირებული იქნება (სავარაუდოდ, დამუხტვადი ჰიბრიდი). ასევე, Nissan-ი ელექტრიფიცირებულ ვერსიებს შემოგვთავაზებს Frontier-ისა და სხვა მოდელების შემთხვევაშიც.
The Drive 2025 წლის ნოემბერში წერდა, რომ ახალი იქსტერა 40 000$-ზე ნაკლები ეღირებოდა და მისი ფერთა ვარიანტი ყვითლითაც გაფართოვდებოდა. Smith Automotive Group-ის პრეზიდენტმა, სკოტ სმიტმა Auto News-ს განუცხადა, რომ ახალი Xterra „რადიკალურად“ გამოიყურება — დაკუნთული და ბრუტალურია. ამავე აზრს იზიარებს Hicks Automotive Group-ის CEO ჩარლი ჰიკსიც.
ახალი Xterra ორრიგიანი SUV იქნება. Pathfinder-ისა და QX60-ის ამჟამინდელი მოდელები კი სამრიგიანი SUV-ებია უჩარჩოო ძარით. ჯერჯერობით არ ვიცით, ძარის ცვლილება რა გავლენას იქონიებს ავტომობილის დიზაინზე, თუმცა, სავარაუდოდ, ნისანი მოდელს მალე ოფიციალურად წარადგენს.