Mazda „ვეტერანი“ ქროსოვერის წარმოებას წყვეტს | CX-3-ის წარმოება 2 კვირაში შეწყდება
საავტომობილო ბაზარზე გატარებული 10 წელზე დიდი ხნის შემდეგ, Mazda-ს ყველაზე პატარა და კარგად ნაცნობი მოდელი დაგვტოვებს. CX-3, რომლის დებიუტიც 2015 წელს შედგა, წარმოებიდან იმაზე მალე გაქრება, ვიდრე ამას ველოდით. იაპონური ბაზრისათვის მოდელის წარმოება არც მეტი, არც ნაკლები, მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
ინფორმაციას Mazda-ს იაპონურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ვიგებთ. გარდა ამისა, პოსტში არაა აღნიშნული ის ფაქტი, რომ მოდელის გამოშვება შეწყდება მსოფლიოს სხვა ბაზრებისთვისაც. ამჟამად იაპონურ ბაზარზე გასაყიდი ყველა CX-3 ტაილანდში იწარმოება.
CX-3 იაპონური ავტომწარმოებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი წლების განმავლობაში იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, მანქანა მართლაც მოძველდა — განსაკუთრებით Mazda-ს უახლესი თაობის SUV-ებთან — ახალ CX-5-თან, CX-50-თან, CX-60-თან და CX-80-თან მიმართებაში. აშშ-ში ბრენდმა მოდელის გაყიდვა 2021 წელს შეწყვიტა და ის უფრო თანამედროვე CX-30-ით ჩაანაცვლა.

ახალი Mazda2
CX-3 ბრენდის ერთადერთი კომპაქტი არ არის, რომლის „სიცოცხლეც“ დასასრულს მიუახლოვდა. სხვადასხვა საავტომობილო პორტალის ცნობით, მის ბედს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს Mazda2-იც გაიზიარებს.
ასევე იხილეთ: მანქანა, რომელიც თქვენი მეგობარი გახდება — გაიცანით Mazda Vision-X Compact
თუმცა, სანამ გლოვას მიეცემით, გეტყვით, რომ კომპანია ახალი კომპაქტის გარეშე დიდი ხნით არ დაგვტოვებს — 2027 წელს Vision X-Compact პროტოტიპზე დაფუძნებული ახალი Mazda2 გამოვა, რომელიც მოხდენილ დიზაინსა და განვითარებულ ტექნოლოგიებს გააერთიანებს. ახალ Mazda2-ს კი ამავე პროტოტიპის ირგვლივ შექმნილი მცირეგაბარიტიანი SUV მოჰყვება, რომელიც CX-3-ის მემკვიდრედ შეგიძლიათ ჩათვალოთ. 