ამერიკის შეერთებული შტატები, ტოიოტა, ტოიოტა ტუნდრა, ტოიოტა ქემრი, იაპონური, ტოიოტა ჰაილენდერი
Aa
Aa

იაპონია ამერიკაში წარმოებულ ავტომობილებზე ბარიერებს მოხსნის

გასულ შემოდგომაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იაპონია ქვეყანაში ამერიკული ავტომობილების გამარტივებული წესით დაშვების საკითხზე მუშაობდა — ეს გულისხმობდა აშშ-ის უსაფრთხოების სტანდარტების აღიარებას, დამატებითი ტესტირებების გაუქმებასა და ძველი შეზღუდვების მოხსნას. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება თეთრმა სახლმაც გაავრცელა, რომლის თქმითაც, აშშ-ის მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების იმპორტზე ბარიერების მოხსნა ამერიკული კომპანიებისთვის მილიარდობით დოლარის შემოსავლის წყაროს შექმნიდა.

როგორც ჩანს, მხარეები საბოლოო შეთანხმებისკენ მიდიან, რადგან იაპონიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამერიკულ ავტომობილებზე სერტიფიცირების ახალი სისტემის შექმნის შესახებ განაცხადეს. ახალი წესის თანახმად, აშშ-ში წარმოებული ავტომობილები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამერიკულ უსაფრთხოების სტანდარტებს, ავტომატურად ჩაითვლება იაპონიის სტანდარტების შესაბამისადაც.

განცხადებაში კონკრეტული დეტალები გამხელილი არ ყოფილა, თუმცა ნათქვამი იყო, რომ: „აშშ-ში წარმოებული და აშშ-ის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებული ავტომობილები იაპონიაში, დამატებითი ტესტირებების გარეშე, გასაყიდად ვარგისად ჩაითვლება“. თეორიულად, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც საკმაოდ დიდ ბაზარზე წვდომას გაიმარტივებენ, და ამავდროულად იაპონიისთვის, რომელიც შეთანხმების პირობებით აშშ-ში შემსუბუქებულ ტარიფებს მიიღებს.

ამის შესახებ წარსულში Toyota-მაც ისაუბრა, რომელმაც იაპონიაში სამი ამერიკული წარმოების მოდელის შეყვანის გეგმები გაამხილა. ესენია: Camry, Highlander-ი და Tundra. მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებლები სრული ზომის პიკაპს „ამერიკული კულტურის“ ნაწილად მიიჩნევენ, კომპანია თვლის, რომ ეს მოდელი იაპონელ მომხმარებელშიც დიდ პოპულარობას მოიპოვებს.

Toyota არ არის ერთადერთი იაპონური ავტომწარმოებელი, რომელიც ამერიკული წარმოების ავტომობილების იმპორტს განიხილავს. Nikkei-ს ცნობით, იგივეს გაკეთებას Honda-ც გეგმავს Pilot-ისა და Ridgeline-ის შემთხვევაში. მეორე მხრივ კი, Nissan-მა შესაძლოა Murano და Pathfinder-ი გაგზავნოს.

ფოტოს წყარო: carscoops

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები