Volvo-ს დახვეწილი უნივერსალი ბრუნდება, თუმცა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით
შესაძლოა ამ დრომდე არ გსმენიათ ნიდერლანდური ფირმა Autoforma-ს შესახებ, თუმცა ამ კონკრეტული მოდელის შემდეგ, შესაძლოა მისი არსებობა აღარასდროს დაგავიწყდეთ. პატარა კომპანიამ ახლახან ლეგენდარული Volvo P1800 Shooting Brake-ის მოდიფიცირება აიღო თავის თავზე და მსურველებს — შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მაინც — შესთავაზებს.

პროექტი, რომელსაც ნილს ვან როი Volvo-ს სპეციალისტ Lotte-სთან პარტნიორობით ხელმძღვანელობს, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ვან როი, რომელიც ბოლო წლებში რამდენიმე გამორჩეული კონსტრუქციის უკან იდგა, ყოველწლიურად მსგავსი სტილის ხუთი ერთეული P1800ES Shooting Brake-ის აწყობას გეგმავს. ამ მოდელების ღირებულება დაახლოებით 300 000 ევროდან იწყება.

ორიგინალი Volvo P1800 1960-იანი წლებით თარიღდება და ავტომწარმოებლის ისტორიაში მართლაც ერთადერთი გამორჩეული და დახვეწილი მოდელია. ოფიციალური რენდერები, რომლებიც Autoforma-მ უკვე წარადგინა, წესით, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ფოტოებზე კლასიკური შვედური ავტომობილი მნიშვნელოვნად მოდიფიცირებულია: სახურავზე ჩაშენებული ახალი უკანა ფრთით და უფრო ფართო კორპუსით, რაც მას უფრო აგრესიულ და სპორტულ იერს სძენს.

წინა ნაწილიც შავი დეტალებითაა განახლებული, მათ შორის — შავი ცხაურით და LED განათებით. შავი სტილის ვიზუალი გვერდებზეც გრძელდება, მაგალითად, სარკეებსა და ფანჯრებზე. თუმცა მყიდველებს, რომელთაც უფრო ტრადიციული ვიზუალი სურთ, შავი ფერის ნაცვლად ქრომირებული ვერსიის არჩევაც შეეძლებათ. უკანა მხარეს კი დიდი ზომის ფანჯარაა, რომელიც ავტომობილის დიდ სათავსოზე წვდომასაც უზრუნველყოფს.


კომპანია მსურველებს სამი განსხვავებული ტიპის P1800ES Shooting Brake-ს შესთავაზებს: Forward Fashionista, Modern Marvel და Heritage Heaven. მათგან Forward Fashionista ყველაზე ექსტროვერტული იქნება, რომელიც თანამედროვე Volvo T5-ის ხუთცილინდრიან ტურბო ძრავასა და განახლებულ მუხრუჭებს შემოგვთავაზებს. Modern Marvel-ისა და Heritage Heaven-ის ვერსიები კი უფრო მეტად ორიგინალი P1800-ის დიზაინის ფილოსოფიას მიჰყვება.
Autoforma-ს ინფორმაციით, პირველი ეგზემპლარის დასრულებას დაახლოებით 18 თვე დასჭირდება. თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ კომპანიამ საკმარისი რაოდენობის შეკვეთები მიიღოს.