აუქციონი, სუპერქარი, კაბრიოლეტი, ფერარი, ფერარი 812 კომპეტიციონე
Aa
Aa

იხილეთ Ferrari, რომლის ფასიც გამოშვებიდან 3 წელიწადში გაოთხმაგდა

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რატომ ხარჯავენ მდიდარი ადამიანები მილიონებს საკუთარ ავტოფარეხში Ferrari-ს კოლექციების შესაქმნელად, მაშინ ეს სტატია ბოლომდე წაიკითხეთ, რადგან მოცემული 812 Competizione ამ ყველაფერს ცხადყოფს. 

როცა ბაზარზე 812-ის ყველაზე მძლავრი მოდიფიკაციის კაბრიოლეტი, 812 Competizione A გამოჩნდა, Ferrari-მ მისი წარმოება გლობალურად სულ 599 ერთეულით შემოსაზღვრა. კონტროლი იმდენად მკაცრი იყო, რომ მოდელის შეძენა მხოლოდ კომპანიის გამორჩეულ კლიენტებს შეეძლოთ. სხვათა შორის, ლეგენდარულ ავტომწარმოებელს შავი სიაც აქვს, რომელში შემავალი ადამიანებიც Ferrari-ს ვერასდროს შეიძენენ — ჩვენ მათ ვიდეოც მივუძღვენით:

გამოშვების მომენტში სუპერქარის ფასი 700 000$-ს შეადგენდა — აქედან ჯერ სამი წელიც კი არ გასულა და ახლა 812 Competizione A-ს ფასმა 2 მილიონს გადააჭარბა.  


მაგალითად, მიმდინარე კვირაში სოთბის აუქციონზე ერთ-ერთი 812 Competizione A გაიყიდება — სავარაუდო ფასი კი 2.5-2.8 მილიონი დოლარი იქნება — ეს ძალიან დიდი თანხაა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ მფლობელმა მასში 852 420 დოლარი გადაიხადა. ამ თანხიდან 150 000 მან მოდელის კონფიგურაციაში დახარჯა. სუპერქარი Rosso Corsa წითლადაა შეღებილი და Nero-სა და Argento Nurburgring-ის სარბოლო ზოლები ამშვენებს. ასევე, ის აღჭურვილია Apple CarPlay-ით, წითელი სუპორტებითა და ნახშირბადის ბოჭკოს არაერთი დეტალით. 

ექსტერიერივით დიდებულად გამოიყურება მისი ინტერიერიც, რომელიც Rosso-სა და Nero Alcantara-ს აერთიანებს. წითელი ალკანტარათია დამშვენებული ავტომობილის საბარგულიც.  

ცხადია, ოდომეტრზე რამდენიმე ასეულ ათას კილომეტრს ვერ იხილავთ — 812-მა ქარხნიდან გამოგორების დღიდან, სულ რაღაც, 129 კილომეტრი გაიარა — შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მათთვის, ვინც ამ სუპერქარის შეძენა მისი ექსკლუზიურობის გამო ვერ შეძლო, ეს ფაქტობრივად, ახალი ფერარის შეძენის უნიკალური შანსია — Ferrari-ს VIP კლუბი დახურულია, თუმცა აუქციონის კატალოგი არავის ზღუდავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები