ჩრდილოეთ კორეას მსოფლიოში ავტომობილების ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს
წესით, გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ მსოფლიოში ავტომობილების კერძო საკუთრებაში ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ კორეას აქვს. იდუმალებით მოცულ და იზოლირებულ ქვეყანას არანაკლებ მისტიკური საავტომობილო ინდუსტრია აქვს — დაწყებული „ყალბი მერსედესებით“, დასრულებული „მოპარული ვოლვოებით“, რომელთა შესყიდვის თანხა ჩრდ. კორეას ამ დრომდე არ დაუფარავს, თუმცა ეს მოდელები ქუჩებში კვლავ გადაადგილდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რაიმე სახის ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ქვეყანაში სულ 30 000 მანქანა გადაადგილდება. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ყოველ 800 ადამიანზე მხოლოდ ერთი ავტომობილი მოდის.

რაც უნდა გასაკვირი იყოს ეს ფაქტი, მის სისწორეში სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიც დაგვარწმუნებს. მსგავს მასალაში კარგად ჩანს, თუ როგორი მოძველებულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ამის მიუხედავადაც, ქუჩები ავტომობილებისგან თითქმის სრულად ცარიელია. გზებზე მხოლოდ მრავალი წლის წინანდელი ერთეული ავტომობილები თუ გადაადგილდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ: ჩრდილოეთ კორეის ყალბი Mercedes-ი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ავტომობილად იქცა
ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად ქვეყნის შიდა პოლიტიკითაა განპირობებული, რადგან თითქმის ყველა უცხოური ქვეყნიდან იმპორტი აკრძალულია. შესაბამისად, ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ავტომობილი შიდა წარმოების უნდა იყოს. ამასთან ერთად, ჩრდ. კორეის ავტომობილების უმრავლესობა რუსეთიდან მიღებულ ნაწილებსა და ტექნოლოგიებს იყენებს. ქვეყანამ საბჭოთა GAZ-51-ის სატვირთო მანქანის ასლიც შექმნა — Sungri-58, რომელიც ჩრდ. კორეაში წარმოებულ ერთ-ერთ პირველ ავტომობილად იქცა.

რაც შეეხება „მოპარულ ვოლვოებს“, ისინი ჩრდილოეთ კორეამ 1970-იან წლებში შვედეთიდან შეუკვეთა. საუბარია დაახლოებით 1 000 ერთეულ Volvo 144-ზე. ეს ავტომობილები ადგილზე ჩავიდა, თუმცა კორეას მათი თანხა არასდროს გადაუხდია. შედეგად, ქვეყანას შვედეთის წინაშე ასობით მილიონი დოლარის ვალი დაუგროვდა.