მოდიფიცირება, ბიემვი, მანჰარტი, ბიემვი მეშვიდე სერია, ტიუნინგი, ბმვ
Aa
Aa

Manhart-ი დაგიმტკიცებთ, რომ BMW-ს ძველი მეშვიდე სერია საუკეთესოა

სანამ BMW თავის ახალ 40-მდე ავტომობილზე მუშაობს, Manhart-ი ძველი გვარდიის ხელახალი შესწავლითაა დაკავებული. გერმანულმა ტიუნერმა გასული თაობის G11/G12 BMW M760Li-ის ბაზაზე შექმნილი მძლავრი ვერსია წარადგინა, რომელიც უკვე წარმოებიდან ამოღებული V12 ძრავითაა აღჭურვილი.

განახლებული BMW-ის კაპოტქვეშ მფლობელებს 6.6-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V12 ძრავა დახვდებათ, რომელიც Manhart Turbo-ს პაკეტითაა განახლებული. შედეგად, მოდელის სიმძლავრე 601-დან 701 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ხოლო მაბრუნი მომენტი — 800 ნიუტონ-მეტრიდან 1 050 ნიუტონ-მეტრამდე. აღნიშნული ცვლილებები, დიდი ალბათობით, შეამცირებდა აჩქარების მაჩვენებელსაც, რომელიც ქარხნულად 100 კმ/სთ-მდე 3.7 წამს შეადგენდა.

ძარის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მეტ-ნაკლებად გასაიდუმლოებულია. თუმცა ვიცით, რომ Manhart-მა თავის ვერსიაში სტანდარტული სამუხრუჭე სისტემა დატოვა, ხოლო ქარხნული პნევმატური საკიდარი შედარებით დაწია. შედეგად, მივიღეთ უფრო „მყარი“ პოზიცია, რომლის დახმარებითაც ავტომობილი Concave One-ის 21-ინჩიან ალუმინის დისკებზე დგას.

ვიზუალურად, ტიუნერი თავის MH7 700-ით თითქოს იმის თქმას ცდილობს, რომ წინა მეშვიდე სერია სულაც არ არის მოძველებული. ეს განსაკუთრებით დაგრძელებული თვლების ბაზის მქონე ვერსიას ეხება, რომელსაც მოდიფიკაცია უფრო დახვეწილ იერს სძენს. ექსტერიერის ცვლილებები კარბონის წინა სპლიტერით, სარკეების ბუდეებითა და სპოილერით შემოიფარგლება. ასევე, ხელმისაწვდომია პრიალა შავი სტიკერების ნაკრები.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ Manhart-მა არჩევანი ყავისფერი და კრემისფერი ტყავის კომბინაციაზე შეაჩერა. სალონში დატანილია ნაქარგი ლოგოები და სპეციალური შეკვეთით დამზადებული ხალიჩები. შედეგად, ეს ვერსიაც უდავოდ მეშვიდე სერიის ხაზს მიჰყვება, თუმცა ბევრად უფრო ელეგანტურია.

Manhart-ს სრული კომპლექტაციის ფასი ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცალკეული კომპონენტების შეკვეთა ტიუნერის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები