Volkswagen-მა Golf MK9-ს პირველი ოფიციალური თიზერი წარადგინა
Volkswagen-მა თავისი ახალი მოდელის, Golf MK9-ს პირველი ოფიციალური თიზერი 2026 წლის 4 მარტს, სამუშაო საბჭოს სხდომაზე წარადგინა. ავტომწარმოებლის საკულტო მოდელი, Volkswagen Golf-ი, რომლის პირველი თაობაც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ვიხილეთ, ახალ თაობაში ელექტრომობილების ეპოქაში გადადის.

ამ ფონზე, თიზერი მოდელს კვლავ ყველასთვის ნაცნობი ფორმით ავლენს, რომელიც მკაფიოდ მიგვანიშნებს Golf-ის გასულ თაობებზე. წინა ნაწილი შედარებით უფრო კვადრატული ფორმისაა, ვიდრე ამჟამინდელ ვერსიაში და 90-იანი წლების Golf III-სა და Corrado კუპეს მოგვაგონებს. ახალი მოდელის გამოკვეთილი მაშუქები Golf VII-ის სტილშია და მოსალოდნელია, რომ ახალი თაობა C-სვეტსაც (უკანა ცენტრალური დგარი) შეინარჩუნებს. უკანა ნაწილში კი ახალი ვერსია Golf II-ისა და Golf VIII-ის ელემენტებს აერთიანებს, რაც სრულდება სპოილერით, რომელიც აეროდინამიკური სახურავის ხაზს აგრძელებს.

საერთო ჯამში, ID. Golf ტრადიციულ ჰეჩბეკს უფრო ჰგავს, ვიდრე ID.3-ს, რომელიც სწორედ ახალმა მოდელმა უნდა ჩაანაცვლოს. თუმცა, ამჟამინდელი Golf VIII-ის წარმოებიდან ამოღებაც არ იგეგმება და მის გამოშვებას ავტომწარმოებელი ელექტრომობილთან ერთად გააგრძელებს — როგორც შიგაწვის ძრავით აღჭურვილ ალტერნატივას. დიდი ალბათობით, სალონშიც Golf-ი უფრო დიდ სივრცესა და ფიზიკურ ღილაკებს შემოგვთავაზებს, რაც ინტერიერს ვინტაჟური სტილისკენ წაიყვანს. შედეგად, წესით, ეს ვერსია უფრო ფართო და პრაქტიკული იქნება, ვიდრე მისი წინამორბედები.
მეცხრე თაობის Golf-ი Rivian-თან პარტნიორობით შემუშავებულ SSP-პლატფორმაზე აიგება. ის აღჭურვილი იქნება 800-ვოლტიანი სისტემითა და ბატარეის თანამედროვე ტექნოლოგიით, როგორც ერთი, ასევე ორი ძრავის კონფიგურაციით. სტანდარტულ მოდელთან ერთად, არსებობს ალბათობა, რომ GTI და R ვერსიებსაც ვიხილავთ.

VW-ს ახალი მოდელის გამოშვების ზუსტი თარიღი არ დაუდასტურებია. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ავტომწარმოებელმა მისი გამოშვება შესაძლოა 2030 წლამდეც კი გადადოს, რის მიზეზადაც წარმოების სირთულეები, ელექტრომობილებზე მოთხოვნის ცვლილება და მაღალი ხარჯები სახელდება. თუმცა, ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ახალი Golf უფრო ადრე გამოვა — მათი ნაწილი დებიუტის თარიღად 2028 წელს, ნაწილი კი 2029 წელს ასახელებს.