რეგულაციები, ავტოიმპორტი, განბაჟება, გადასახადები
Aa
Aa

6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ნაცვლად, მნიშვნელოვნად გაიზრდება აქციზის ტარიფი

საქართველოს მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ მთავრობის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტირებები შემოვიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი კუბზე, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი ტარიფით განსაზღვრული. შესაბამისად შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზით ჩანაცვლდება. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე და ჰაერის სისუფთავეზე“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის ამ დროისთვის ავტომობილებზე 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აქციზის გადასახადი კუბზე 80 თეთრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ 12 თებერვალს განაცხადა, რომ 1-ელი აპრილიდან აიკრძალებოდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ავტომობილების იმპორტი. აღნიშნულს ავტოიმპორტიორებისა და მოქალაქეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბიზნესი აცხადებდა, რომ ეს ხელს შეუშლიდა რეექსპორტსაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია ექსპორტსა და ტრანზიტს არ შეეხებოდა.

 

წყარო: BMG

მსგავსი სიახლეები