Tesla ევროპაში ახალ ეპოქას იწყებს | ავტომწარმოებელი სახლებს ელექტროენერგიას მიაწვდის
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ელექტრომობილების ბაზრის დაპყრობისა და ჰუმანოიდი რობოტების წარმოების დაწყების შემდეგ, როგორც ჩანს, ახალი და, რა თქმა უნდა, ამბიციური გეგმები აქვს. მილიარდერის საკუთრებაში არსებული EV-ების მწარმოებელი გიგანტი გაერთიანებულ სამეფოში საცხოვრებელი სახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას განიხილავს და ამისთვის შესაბამისი სამართლებრივი უფლებაც უკვე მოიპოვა.
ელექტროენერგიის მიწოდებისთვის საჭირო ლიცენზია Tesla-მ ხუთშაბათს მიიღო. ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებლის, Ofgem-ის განცხადებით, გასულ წელს დაწყებული პროცესები დასრულდა, რის შედეგადაც Tesla-ს ქვედანაყოფი — Tesla Energy Ventures — გაერთიანებულ სამეფოში ელექტროენერგიის მიმწოდებლად დამტკიცდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესების ახსნა მარტივია: ბაზარზე ახალი ალტერნატივის შეყვანით გაერთიანებული სამეფო მზარდ ფასებთან და გადასახადებთან ბრძოლას ცდილობს. ახალი ლიცენზია მილიარდერის ტეხასურ კომპანიას გაერთიანებულ სამეფოში გაფართოების საშუალებას აძლევს. ამას კი Tesla მზის ენერგიისა და ბატარეების შემნახველი სისტემებით (Powerwall) შეეცდება, რათა კონკურენცია გაუწიოს ისეთ გიგანტ მიმწოდებლებს, როგორებიც, მაგალითად, Octopus Energy, British Gas-ი და EDF არიან.
საინტერესოა, რომ Tesla Energy Ventures-თან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია Tesla-ს კიდევ ერთ შვილობილ კომპანიას აქვს. ამასთან ერთად, ტეხასში Tesla საცხოვრებელ სახლებს ელექტროენერგიას უკვე აწვდის. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მათი ელექტრომობილები სახლში იაფად დამუხტონ, ხოლო თუ ზედმეტი ელექტროენერგია ექნებათ, ის სახელმწიფო ქსელის მეშვეობით გაყიდონ.

Ofgem-სგან ლიცენზიის მოპოვებით, Tesla ახლა ვალდებულია, ყველა ის წესი დაიცვას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ითვალისწინებს. მათ შორისაა მომხმარებლების სამართლიანი მოპყრობის, ფინანსური პასუხისმგებლობისა და ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნები. Ofgem-ი ასევე იტოვებს უფლებას, აუცილებლობის შემთხვევაში დააჯარიმოს კომპანია ან შეუზღუდოს ლიცენზია.