Toyota Celica ბრუნდება | ყველაფერი, რაც ახალ მოდელზე ვიცით
ავტომოყვარულები წლებია Toyota-სგან იაპონური ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელის, Celica-ს, დაბრუნებას ელოდებიან. თავის მხრივ, მერვე თაობის გამოშვების სურვილი კომპანიის ხელმძღვანელობამაც არაერთხელ გამოთქვა და, როგორც ჩანს, დიდი ხნის დანაპირები ახლა სისრულეშიც მოჰყავს.
Celica-ს გამოშვებაზე ბოლოს Toyota-ში 2024 წელს ისაუბრეს, მას შემდეგ კი კომპანიის ხელმძღვანელები ახალ მოდელთან დაკავშირებით დუმდნენ. პროტოტიპები, რომლებიც ჯერ განვითარების ეტაპზეა, დილერებმა, სავარაუდოდ, გასულ წელს იხილეს, ახლა კი Toyota-ს ახალი რალის მანქანის ტესტირებებმა სპეკულაციები კიდევ უფრო გააძლიერა. აქვე შეგახსენებთ, რომ Celica 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო რალის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მიღწევებით გამოირჩეოდა.

ცნობილია, რომ Toyota თავისი GR ხაზის გაფართოებაზე მუშაობს — მათ შორის, Gazoo Racing-ის ცალკე ბრენდად გამოყოფით. გავრცელებული ხმებით, ახალი Celica შუაძრავიან ვერსიადაც უნდა გვეხილა, თუმცა, ბევრის საუბედუროდ, ეს, ალბათ, ასე არ მოხდება. Toyota-მ დაადასტურა, რომ ახალი შუაძრავიანი მოდელი შემუშავების პროცესშია, თუმცა ამ პროექტის დასრულებას, სავარაუდოდ, კიდევ 4 ან 5 წელი დასჭირდება.
ასევე იხილეთ: ტოიოტა Gazoo Racing-ს დამოუკიდებელ ბრენდად აყალიბებს | GR GT-ს ტოიოტას ლოგო არ ექნება
ეს იმას ნიშნავს, რომ Toyota-ს GR ხაზის შემდგომი მოდელი შეიძლება ახალი Celica Mk8 იყოს. ვიცით, რომ Toyota თავის ახალ სპორტქარს სწორედ Celica-ს არქმევს და GR Celica-ს სახელწოდებას ზოგიერთ ქვეყანაში უკვე არეგისტრირებს კიდეც. Celica-ს პირველი თაობის მოდელი, რომელიც 1971 წელს გამოვიდა, უკანაამძრავი იყო. მოდელმა ამერიკის ბაზარი 2005 წელს, გაყიდვების შემცირების გამო, დატოვა. უკანასკნელ წელს მოდელს 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც GT-S ვერსიაში 180 ცხენის ძალას გამომუშავებდა.

Motor1-ის რენდერების მიხედვით, ახალი მოდელი ორკარიანი ვერსია უნდა იყოს, რომელიც ბრენდის უახლეს დიზაინს მიჰყვება — მაგალითად, Hammerhead-ის წინა ნაწილის სტილს თხელი მაშუქებით. უკანა მხარეს სრული სიგანის განათების ზოლი გაჰყვება, ორი დიდი ზომის გამონაბოლქვი მილითა და დახრილი სახურავით. ეს მოდელი ელეგანტურად გამოიყურება, თუმცა Celica-ს დიზაინი, შესაძლოა, Toyota-ს მიერ სატესტოდ გამოყვანილ რალის მანქანას ჰგავდეს. არსებობს მოლოდინი, რომ Celica-ს მძღოლზე ორიენტირებული სალონი ექნება — ციფრული დისპლეითა და საინფორმაციო-გასართობი ეკრანით, ასევე სპორტული სავარძლებისა და ავტომატური გადაცემათა კოლოფისთვის განკუთვნილი გადამრთველებით.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იაპონური ავტომწარმოებელი ამ დროისთვის 1.5 და 2-ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავებს ავითარებს; ასევე გვთავაზობს შედარებით მცირე მოცულობის ძრავებს ტურბო და ატმოსფერულ ვერსიებში. 2-ლიტრიანი ტურბოძრავა, რომელსაც ავტომწარმოებელი G20E-ს სახელით მოიხსენიებს, სავარაუდოდ, Toyota-ს სამცილინდრიანი G16E-დანაა მიღებული. აღნიშნული ძრავა ამჟამინდელ GR Yaris-სა და GR Corolla-ში გვხვდება და შედარებით რეალური ალტერნატივაა.

Toyota-ს ინფორმაციით, ახალ G20E-ს 400-დან 450 ცხენის ძალამდე გამომუშავება შეუძლია, უფრო დიდი ტურბოჩარჯერით კი სიმძლავრე 600 ცხენის ძალამდე გაიზრდება. გავრცელებული ხმებით, არსებობს ელექტრიფიკაციის შესაძლებლობაც, რის შედეგადაც ახალ Celica-ს 500 ცხ.ძ. სიმძლავრის ჰიბრიდული ძრავა ექნება. მოლოდინების თანახმად, ამ მოდელს მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის ვერსიები ექნება, სავარაუდოდ, სრულამძრავ სისტემასთან ერთად.
ახალი ძრავა Toyota-ს ავტომობილებში 2026 წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელი ძრავაზე მუშაობას განაგრძობს, გასული წლის ოქტომბერში შეჯიბრებებში ის უკვე წარმატებით გამოიცადა.
ასევე დაგაინტერსებთ: რატომ იყო Toyota-ს ტყუილი გენიალური? - Cellica-ს გასაოცარი ისტორია
სავარაუდო ღირებულება და გამოსვლის თარიღი:
Toyota-ს სპორტული ხაზი აშშ-ში ამჟამად GR86-ს, GR Corolla-სა და GR Supra-ს მოიცავს. არ არის გამორიცხული, რომ ახალი Celica-ს ფასი GR Corolla-ზე მაღალი იყოს და 40 000 აშშ დოლარის ფარგლებიდან დაიწყოს. შედარებისთვის: GR86-ის ფასი ამჟამად $30 000-დან იწყება, ხოლო Corolla-სი — დაახლოებით $40 000-დან.
ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ახალი Celica-ს დებიუტი. Toyota-მ ახალ თაობაზე მუშაობაზე არაერთხელ მიგვანიშნა, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროებია. როგორც აღვნიშნეთ, განვითარების ეტაპზე არსებული პროტოტიპები დილერებმა გასული წლის ივნისში იხილეს. იმ დროისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში Toyota-ს პროდუქტის დაგეგმვის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სპორტქარი „განვითარების მაღალ“ ეტაპზეა, რაც იმის იმედს აჩენს, რომ მოდელს, შესაძლოა, მომავალ წელსაც კი ველოდოთ.