შევროლეტი, სპორტქარი, შევროლე, შევროლე კორვეტი, შევროლე კორვეტ სი8 გრანდ სპორტი
Aa
Aa

Chevrolet-მა ახალი C8 Corvette Grand Sport-ი ტრასაზე გამოაჩინა

Chevrolet-ი გასული თვეების განმავლობაში ახალი C8 Corvette Grand Sport-ის შესახებ ჭორებს ჯიუტად არ პასუხობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ავტომწარმოებელმა მოდელი ფლორიდაში, სებრინგის ავტოდრომზე გამოაჩინა.

მოდელმა ტრასას Corvette Grand Sport-ის წინა თაობებთან ერთად საპატიო წრე შემოარტყა. ცხადია, ახალი Grand Sport-ის ფერები უცვლელია — Admiral Blue ლურჯი, წითელ აქცენტებთან და შავ სარბოლო ზოლთან ერთად. თუ მოდელს უფრო ახლოდან შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მანაც E-Ray-სა და Z06-ის მსგავსად, გაფართოებული კორპუსი მიიღო. რაც შეეხება სიახლეს დიზაინში, ეს უფრო კუთხოვანი სპოილერი და შეცვლილი ფორმების წინა სპლიტერია. ასევე, გამოკვეთილია ბამპერის ცენტრალური ნაწილი, რომელიც, ერთი შეხედვით, მსუბუქი ნახშირბადის ბოჭკოსგანაა შექმნილი.

სებრინგზე შემჩნეულ მანქანას C7 თაობის Grand Sport-ის მსგავსი დისკები და წითელი სუპორტებიც მოუჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ GM-მა Grand Sport-ის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, ბრენდი დუმილს ინარჩუნებს მის ძალურ აგრეგატთან დაკავშირებით. იმედია, ამ ინფორმაციის მისაღებად ძალიან ხანგრძლივი ლოდინი არ მოგვიწევს. მოდელის სრულმასშტაბიანი წარდგენა 26 მარტს იგეგემება. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Corvette Grand Sport-ს შევროლეს ბოლო თაობის მცირე ზომის ცილინდრთა ბლოკის მქონე V8 ძრავით აღჭურვავენ. 6.7-ლიტრიანი ატმოსფერული V8, დაახლოებით, 550 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. საბოლოო რიცხვები არ ვიცით, თუმცა არსებულ ვარაუდებზე დაყრდნობით, სიმძლავრით ახალი Grand Sport-ი Stingray (495 ცხ.ძ) და Z06-ს (670 ცხ.ძ) შორის მოთავსდება. Chevrolet-ს იმედი აქვს, რომ Grand Sport-ი კორვეტის სხვა მოდელებზე პოპულარული იქნება. 

ბოლოდროინდელი ინფორმაციით, შევი სრულ ამძრავ Grand Sport X-ზეც მუშაობს, რომელიც არსებულ E-Ray-ს ჩაანაცვლებს და 721 ცხ.ძ-ის გამომუშავებს შეეძლება. 

მსგავსი სიახლეები