აუქციონი, სუპერქარი, კაბრიოლეტი, მერსედესი, ეიემჯი, ეიემჯი სიელქეი დითიემი
Aa
Aa

სოთბის აუქციონზე ლეგენდარული AMG CLK DTM Cabriolet-ი იყიდება

ბევრს მიაჩნია, რომ AMG-მ ბოლო წლებში თავისი გიჟური ხასიათი დაკარგა. გაყიდვების ზრდასთან ერთად, Mercedes-ის სპორტული განყოფილება, თითქოს, უფრო რბილი და კომფორტული გახდა. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ჯერ კიდევ არსებობს მოდელები, რომლებიც ბრენდის ვარსკვლავურ წარსულს ინახავენ. ერთ-ერთი ასეთი ლეგენდა CLK DTM Cabriolet-ია — AMG-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ავტომობილი.

ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

მოდელი 2003 წლის DTM ჩემპიონატში Mercedes-Benz-ის გამარჯვების აღსანიშნავად შეიქმნა და ის სულ 180 ერთეულად ააწყვეს, რომელთაგანაც 100 კუპეა, ხოლო 80 — კაბრიოლეტი. შესაბამისად, საქმე ჭეშმარიტ საკოლექციო ეგზემპლართან გვაქვს. 

მიმდინარე წლის ივლისში, გერმანიაში, RM Sotheby’s-ის აუქციონზე სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეგზემპლარი გამოვა. მისი სავარაუდო ფასი 650 000$-ს აღწევს. აუქციონისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომელიც 2006 წელსაა შექმნილი, იდეალურ მდგომარეობაშია — მისი ოდომეტრი სულ რაღაც 1 997 კილომეტრს აჩვენებს და სულ მცირე ხნის წინ მოდელს 11 800$-ად მფლობელმა სრული სერვისი ჩაუტარა.

მიუხედავად იმისა, რომ CLK DTM-ი 20 წლისაა, მისი მონაცემები დღესაც შთამბეჭდავია. კაპოტის ქვეშ 5.4-ლიტრიანი Supercharged V8 ძრავი იმალება, რომელიც 582 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონს გამოიმუშავებს. შედარებისთვის, თანამედროვე BMW M4 Competition-ი 523 ცხ.ძ-სა და 649 ნიუტონს გვთავაზობს. უკანა ამძრავი სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია.

CLK DTM-ის დიზაინი AMG-ის ერთ-ერთი ყველაზე თამამი ექსპერიმენტია — მნიშვნელოვნადაა გაფართოებული წინა და უკანა ფრთები, დამონტაჟებულია ფიქსირებული სპოილერი, ინტერიერი კი თითქმის სრულად ნახშირბადის ბოჭკოთია შესრულებული. 

ოპტიმისტებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ AMG თავის ძველ ხასიათს დაუბრუნდება (V8-ის შესაძლო დაბრუნებით C63-ში), თუმცა ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს, რომ გერმანული ბრენდი ოდესმე კიდევ შექმნის ისეთ დაუმორჩილებელ მანქანას, როგორიც CLK DTM-ია. ეს ნახევარმილიონიანი სიგიჟეა, რომელიც ავტო-ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები