საქართველო, ავტოიმპორტი, იმპორტი, მსუბუქი ავტომობილები, აქციზი
Aa
Aa

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება

მესამე მოსმენით დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქონლის — მათ შორის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდება. ცვლილებას, რომელიც საგადასახადო კოდექსში შევა, მხარი სრული უმრავლესობით დაუჭირეს. 

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი დამატებული ღირებულებისა და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია, თუმცა ანალოგიური შეღავათი აქციზის გადასახადზე არ ვრცელდებოდა. 

ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ცვლილების მიღების შემდეგ გამარტივდება სამართლებრივი პროცედურები აქციზური საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევისას“.

ასევე, „ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულებისა და იმპორტის გადასახადისგან, მიზანშეწონილია ამ ცვლილებით შენარჩუნდეს საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობისა და ნეიტრალურობის პრინციპი და მსგავსი მიდგომა გავრცელდეს აქციზის გადასახადზეც“, — აცხადებს მაჭავარიანი.  

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, დაჩქარებული წესით იქნა მიღებული ინიციატივაც მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ტარიფებთან დაკავშირებით. ცვლილება ქვეყანაში ახალი ავტომობილების იმპორტის ზრდის ტემპის შემცირებას ისახავს და ის აძვირებს როგორც 6 წლამდე ავტოიმპორტის აქციზსს, ასევე 6 წელზე მეტი ხნის წინ წარმოებული ავტომობილების აქციზსს.

ვრცლად: პარლამენტმა ავტომობილების განბაჟების საფასურის გაზრდის კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო

შედეგად, 2026 წლის პირველი აპრილიდან აქციზის განაკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის ასე ნაწილდება:

• 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 სმ³-ზე 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
• 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
• 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
• 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
• 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
• 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
• 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;
• 6 წლის და მეტი ავტომობილები - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 4.5 ლარი, მატება 560%.

მსგავსი სიახლეები