მონაკოდან ადრიან სუტილის უიშვიათესი ჰიპერქარი და კოლექციის ნაწილი გაქრა
ადრიან სუტილის Koenigsegg One:1 მონაკოდან გაქრა და პოლიცია უცნაური გამოწვევის წინაშე დგას: როგორ შეიძლება დამალოს ბოროტმოქმედმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი, ხმამაღალი და ცნობადი ჰიპერქარი?
ასეთი დონის ჰიპერქარები ჩვეულებრივი მოპარული მანქანებივით არ მოძრაობენ. ქურდს შეუძლია SUV გადაღებოს და ნომრები შეუცვალოს, მაგრამ One:1 სულ სხვა კლუბის წევრია, სადაც კოლექციონერებმა და ბრენდის ინსაიდერებმა თითოეული მანქანის ისტორია ზეპირად იციან. სუტილის ეგზემპლარი კიდევ უფრო გამორჩეულია — მას გამჭვირვალე ნახშირბადის ბოჭკოს კორპუსი და ვარდისფერი აქცენტები აქვს.
ასეთ მანქანას სახლის უკან ვერ დააყენებ იმ იმედით, რომ ვერავინ შეამჩნევს — მონაკოშიც კი, სადაც Bugatti-ს დანახვაზე თვალსაც არავინ ატოკებს, ეს Koenigsegg-ი მაინც ყველას ყურადღებას იქცევს.
გერმანული გამოცემა Auto Motor und Sport-ის ინფორმაციით, სუტილის გარაჟიდან სულ ცხრა ძვირადღირებული მანქანა გაქრა. სია შთამბეჭდავია — გარდა One:1-ისა, იქ იყო Koenigsegg Regera, Rolls-Royce Phantom, რამდენიმე Ferrari, Porsche და თავად ელვის პრესლის კუთვნილი Mercedes-Benz 600-ც. სუტილის ადვოკატის თქმით, მას დაუკავშირდა პირი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კავშირი ჰქონდა „ვაგნერის ჯგუფთან“ და ავტომობილების გადაცემას ითხოვდა.

თუმცა, ისტორიას მეორე მხარეც აქვს: 2025 წლის ნოემბერში ადრიან სუტილი გერმანიაში დააკავეს თაღლითობისა და თანხების მითვისების ეჭვით, რაც სწორედ მდიდრულ ავტომობილებს უკავშირდებოდა. გერმანიის ხელისუფლებამ უკვე დააყადაღა მასთან დაკავშირებული 20-მდე ავტომობილი სხვადასხვა ქვეყანაში, რაც მონაკოდან გამქრალ მანქანებს უბრალო ძარცვაზე ბევრად რთულ და ბუნდოვან ისტორიად აქცევს.
One:1 არ არის უბრალოდ ძვირადღირებული Agera. 2014-2015 წლებში მხოლოდ შვიდი ასეთი ეგზემპლარი ააწყვეს. კომპანიამ მას მეგაქარი უწოდა, რადგან მოდელი1 მეგავატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. მისი სახელიც სწორედ სიმძლავრისა და წონის 1:1 თანაფარდობიდან მოდის: 1360 ცხენის ძალა და 1 360 კილოგრამი.

One:1 5.0-ლიტრიანი Twin-Turbo V8 ძრავით, აქტიური აეროდინამიკით, ნახშირბადის დისკებითა და 8 250 ბრუნიანი ლიმიტითაა აღჭურვილი. ასეთი იშვიათი „მხეცის“ გაყიდვა ნებისმიერისთვის კოშმარი იქნებოდა — ადამიანი, ვისაც მისი ყიდვის ფული აქვს, მიხვდება, რომ საქმე მოპარულ ნივთთან აქვს. მისი მომსახურება, ტრანსპორტირება ან თუნდაც საჯაროდ გამოჩენა დაუყოვნებლივ კითხვებს გააჩენს.