ჰუმანოიდი რობოტი, ტოიოტა, რობოტები, კალათბურთი
Aa
Aa

მომავლის კალათბურთი? | Toyota-ს რობოტი, რომელიც გინესის რეკორდებს ამყარებს

Toyota თავისი ახალი რობოტით, CUE7-ით, მსოფლიოს ნაცვლად, პარკეტის დასაპყრობად ემზადება.

იაპონური Toyota, რომელიც წარმოებით მსოფლიოში ნომერ პირველი ავტომწარმოებელია, მხოლოდ მანქანების შექმნით როდია დაკავებული. Toyota-მ მოღვაწეობა საუკუნის წინ ტექსტილის ინდუსტრიაში, ავტომატური საქსოვი დაზგების წარმოებით დაიწყო. ავტომობილების ბაზარზე კი მოგვიანებით, 1934 წელს შევიდა. დღეს იაპონური კომპანია წლიურად ავტომობილების წარმოების რაოდენობით გლობალურ მასშტაბზე პირველია, თუმცა მანქანებთან ერთად უკვე რობოტების მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.

CUE7 — ასე ჰქვია Toyota-ს საკალათბურთო რობოტის უახლეს ვერსიას, რომლის დებიუტიც Toyota Arena-ზე, Alvark Tokyo-სთან საშინაო თამაშზე შედგა. CUE პროექტს, რომელიც საფუძველს 2017 წლიდან იღებს, Toyota-ს „საინჟინრო საზოგადოების“ მოხალისეები ახორციელებენ. ეს უკანასკნელი კი ხელოვნური ინტელექტის „ნულიდან განვითარების“ იდეას ემსახურება. 2019 წელს მათ მიერ შექმნილმა ჰუმანოიდმა რობოტმა „ჰუმანოიდი რობოტის მიერ შესრულებული ზედიზედ ყველაზე მეტი საჯარიმო სროლისთვის“ გინესის რეკორდიც დაამყარა.

შემდეგ იყო 2024 წელი და კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი — Toyota-ს რობოტმა ბურთი კალათში 24.55 მეტრის დისტანციიდან ჩააგდო.

თუმცა CUE7 ამ პროექტის სრულად განახლებულ ვერსიას წარმოადგენს. რობოტის ახალ ვერსიას სხვადასხვა წერტილიდან ბურთის კალათში ჩაგდება, პარკეტზე თავისუფლად გადაადგილება და დრიბლინგიც კი შეუძლია, თანაც ადამიანისთვის დამახასიათებელი მოძრაობებით. რობოტი შავ, Toyota-ს ბრენდირებულ სამოსშია გამოწყობილი და ბალანსს ორი ბორბლის საშუალებით ინარჩუნებს. რაც შეეხება რობოტის სხვა მახასიათებლებს, ასე გამოიყურება: სიმაღლე — 2.18 მეტრი; წონა — 74 კგ.

ცნობისთვის, Toyota-ს რობოტი სრულად კამერებითა და სენსორებითაა აღჭურვილი. შედეგად, სრულად შეუძლია გარემოს აღქმა, შეფასება და ბურთზე თამაში სწორად გათვლილი ძალითა და სიზუსტით. რობოტების საკალათბურთო კლუბით დაინტერესებული პირებისთვის კი მისი ღირებულება $150 000-ითაა განსაზღვრული, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ სრულფასოვანი შემადგენლობისთვის სულ მცირე ხუთი ასეთი „მოთამაშე“ მაინც დაგჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები