Mercedes-AMG One-ის სერვისი 185 კმ-ის შემდეგ მფლობელს $44 000 დაუჯდა | რა წერია ინვოისში?
ჰიპერქარებში მილიონების გადახდა აღარავის უკვირს, თუმცა სულ სხვა საკითხია, როდესაც მსგავსი ძვირადღირებული ავტომობილის სერვისზე მიყვანა სულ რაღაც 185 კილომეტრის გავლის შემდეგ გიწევს და თითქოს ეს ყველაფერი არ იყოს, შემდეგ სერვისიდან ინვოისიც მოგდის, რომელზეც ხუთნიშნა რიცხვი აწერია. სწორედ ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდა მწვანე Mercedes-AMG One-ის მფლობელი, რომლის ავტომობილიც ამ თვეში გასაყიდად აუქციონზეც გამოჩნდება.
ალბათ გახსოვთ, რომ Mercedes-AMG One-ის შექმნის პროცესი საკმაოდ გაიწელა. თუმცა შედეგი წესით ლოდინად ღირდა, რადგან სახეზე პირველი მანქანა გვაქვს, რომელიც F1-ის ძრავითაა აღჭურვილი და ამავდროულად, ქუჩაში მისი მართვა დაშვებულია.
იხილეთ: Mercedes-AMG ONE | პირველი მანქანა F1-ის ძრავით, რომლის ქუჩაში მართვაც დაშვებულია

პირველად სუპერქარის შესახებ ინფორმაცია 2017 წელს გამოჩნდა, თუმცა მომხმარებლამდე პროდუქტის მისვლას რამდენიმე წელი დასჭირდა. Project ONE-ის მიღმა არსებული იდეა 2015 წლის F1-ის ძრავის საგზაო ავტომობილისთვის მორგება იყო, თუმცა 2022 წლამდე მის შესახებ აღარაფერი გვსმენია. 2022 წელს კომპანიამ პირველი სერიული მოდელი ONE წარადგინა. პირველ მომხმარებლამდე კი ჰიპერქარი მხოლოდ 2023 წელს მივიდა. მოდელი სულ 275 ეგზემპლარად შეიქმნა და ერთ-ერთი განსაკუთრებული შეფერილობის ეგზემპლარი ახლა გასაყიდადაა გამოტანილი.

RM Sotheby’s ლოტს ამ თვის ბოლოს გამოაჩენს. ავტომობილის ოდომეტრზე კი სულ რაღაც 185 კილომეტრია დაფიქსირებული. ასეთი მცირე გარბენის გათვალისწინებით, ჰიპერქარს წესით ტექნიკური მომსახურების გავლა არ უნდა დასჭირვებოდა, თუმცა მფლობელმა ავტომობილი Mercedes-AMG-ის სერვისში მაინც მიიყვანა. აქ მას გეგმიური Service A ჩაუტარდა და გარანტია 2028 წლის თებერვლამდე გაუხანგრძლივდა.
თუმცა ყველაზე საინტერესო მაშინ მოხდა, როდესაც მფლობელს ინვოისი მიუვიდა — მას „სულ რაღაც“ $44 000 უნდა გადაეხადა. გამოდის, რომ მძღოლს თითოეულ გავლილ მილზე (1.6 კმ) სერვისი $383 დაუჯდა. ეჭვების გასაფანტად დოკუმენტში დეტალური ჩამონათვალიც იყო მითითებული იმისა, თუ რომელი მომსახურება რამდენი დაჯდა:
- ხელოსნების 80-საათიანი შრომა (საათში $463) — ჯამში 37 050 აშშ დოლარი;
- საჰაერო ფილტრი — $2 195;
- გადაცემათა კოლოფის ზეთის ფილტრი — $2 696;
- ზეთის დამცლელი ხრახნი — $176;
- ძრავის ზეთი — ჯამში $652.

შესაბამისად, მართალია უცნობია, თუ რატომ ყიდის ამჟამინდელი მფლობელი ჰიპერქარს, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ სერვისის ხარჯებს ის, ცოტა არ იყოს, შეეშინებინა. თუმცა მათთვის, ვისთვისაც ტექნიკურ მომსახურებაში ხუთნიშნა თანხების „გასროლა“ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა შეიძინონ ავტომობილი, რომელიც F1-ის ძრავით ცოცხლობს და თან მისი მართვისგან სიამოვნებაც მიიღონ.

ცნობისთვის, Mercedes-AMG One-ის კაპოტქვეშ 1.6-ლიტრიანი Mercedes V6 დაგხვდებათ, რომელიც ლუის ჰამილტონის 2015 წლის ბოლიდში არსებული ძრავის თითქმის ტყუპისცალია. ის აღჭურვილია ტურბოჩაბერვით, ორი ელექტროძრავითა და KERS-ის მსგავსი სისტემით (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) და 1049 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია მანქანისთვის, რომელიც 1700 კილოგრამს იწონის.