უკან გაწვევა, ტოიოტა, ტოიოტა ტუნდრა, ლექსუსი, ეს იუ ვი, ვი 6, ლექსუს ელიქსი
Aa
Aa

ის, რაც ხშირად არ ხდება — Toyota-მ 250 000-ზე მეტი ავტომობილი გაიწვია

ტოიოტას 3.4-ლიტრიანი Twin-Turbo V6 ძრავების გარშემო აგორებული სკანდალი კიდევ უფრო მწვავდება. მას შემდეგ, რაც კომპანიამ ძრავში წარმოების პროცესში დარჩენილი ნარჩენების გამო 225 000 ავტომობილი უკვე გაიწვია, პრობლემამ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. იაპონურმა გიგანტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სიას კიდევ 44 000 ერთეული 2024 წლის Tundra დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ კატასტროფული დაზიანებების, სიმძლავრის უეცარი დაკარგვისა და ძრავის გათიშვის საფრთხე იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე თავად მწარმოებელი ვარაუდობდა.

ასევე იხილეთ: ვუნდერკინდი ბიჭი, რომელმაც Toyota-ს იმპერია შექმნა

ამ გაწვევის ყველაზე საინტერესო და შემაშფოთებელი ნაწილი ტოიოტას მიერ გამოქვეყნებული განმარტებაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ძრავების ეს ახალი პარტია რეალურად უკვე დამატებითი კონტროლისა და გაწმენდის პირობებში იწარმოებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ფილტრაციის შემდეგ დარჩენილი მიკროსკოპული ნარჩენებიც კი საკმარისი აღმოჩნდა ძრავის ნომერ პირველი მთავარი საკისრის დასაზიანებლად. მომავალი მოდელების მფლობელების დასამშვიდებლად ბრენდი აცხადებს, რომ შემდგომ გამოშვებულ ძრავებში თავად საკისრის კონსტრუქცია გააუმჯობესეს, რათა მან ამ ნარჩენებს გაუძლოს. ეს ნიშნავს, რომ ქარხნული წუნი, შესაძლოა, უახლეს ძრავებშიც არსებობდეს, თუმცა იქ მექანიზმი უფრო მედეგია.

საგულისხმოა, რომ ჰიბრიდული ვერსიები კვლავ არ შედის ამ სიაში, ხოლო მიმდინარე გაწვევა აქემდელ სამ ტალღას შორის ყველაზე მცირეა. პირველი ტალღა 102 000 ერთეულ 2022-2023 წლის Tundra-სა და Lexus LX-ს შეეხო, მეორემ კიდევ 127 000 მანქანა მოიცვა, ხოლო ეს მესამე ეტაპი იმ მფლობელებისთვისაა კრიტიკული, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ, თუმცა მათი მანქანის გამოშვების თარიღი წინა ორ გაწვევაში არ ჯდებოდა. ტოიოტას განცხადებით, მათ უკვე დაასრულეს 77 000-ზე მეტი V6 ძრავის შეკეთება, თუმცა ამ ახალ ტალღაში მოყოლილ მომხმარებლებს, სავარაუდოდ, რიგებში დგომა და დიდხანს ლოდინი მოუწევთ, რადგან სერვისცენტრები გადატვირთულია.

ჩვენ ტოიოტას სანდოობაზე ხშირად ვსაუბრობთ, შესაბამისად, ეს ქეისი ბრენდის რეპუტაციისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმაა, მით უმეტეს, საუბარი მათ ახალ ფლაგმანურ V6 აგრეგატზეა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეარყევს ეს გაჭიანურებული საწარმოო დეფექტი მომხმარებლის ნდობას ტოიოტასა და ლექსუსის ახალი თაობის პიკაპებისა თუ SUV-ების მიმართ?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები